კახა კალაძე: “ჯორჯიან მანგანეზი” მზადაა, მაღაროელთა მოთხოვნები განიხილოს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც დღეს ჭიათურაში თანაგუნდელებთან ერთად შემაჯამებელ შეხვედრაზე იმყოფებოდა, მაღაროელთა გაფიცვის საკითხზე კომენტარი გააკეთა.
კალაძემ თქვა, რომ “ჯორჯიან მანგანეზი” მზადაა, პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები განიხილოს.
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიის წარმომადგენლებთან. კომპანია მზად არის, განიხილოს მათთან ერთად მოთხოვნები და შემდეგ მოხდეს მათი დაკმაყოფილება. ამავდროულად, კომპანიას აქვს თხოვნა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მათ დახმარება სჭირდებათ სხვადასხვა საკითხზე და მე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პრემიერს აუცილებლად მივაწვდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს დღეს სოლიდარობა გამოუცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ეს პროტესტი სამართლიანია და მას რეაგირება სჭირდება.
ჭიათურაში მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ 17 მაისს, 15:00 საათზე შეიკრიბებიან და ყველა მოთხოვნას ერთობლივად განიხილავენ.
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის თქმით, კომპანია მზადაა, ანაზღაურება გაზარდოს, თუმცა კონკრეტული დეტალები ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.
მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. მათი გადაწყვეტილებით, 17 მაისიდან პროცესში მედიატორი ჩაერთვება.
მაღაროელების ნაწილი 15 მაისს გაიფიცა. მთავარი მოთხოვნა ხელფასების 50%-იანი გაზრდა, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.