დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში: იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში, მავნებლის რაოდენობისა და არეალის დადგენის მიზნით, ინტენსიური მონიტორინგი ხორციელდება.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის წევრები მუნიციპალიტეტების სოფლებში „მოიზიდე და გაანადგურე” სადგურებს ათვალიერებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.
„იმ ტერიტორიებზე, სადაც დამჭერი ხაფანგებია განთავსებული და მავნებლის მაღალი რაოდენობა ფიქსირდება, სპეციალიზირებული ტექნიკის მეშვეობით, ცივი შესხურების მეთოდით წამლობა მიმდინარეობს, რაც ეტაპობრივად გაგრძელდება. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დღეის მონაცემებით, სამეგრელოს რეგიონის ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებსა და ფოთში დამონტაჟა 8 000 „მოიზიდე და გაანადგურე” სადგური. სადგურების მონტაჟი გრძელდება მუნიციპალიტეტებში და ლოკალურ ტერიოტორიებზე ცივი შესხურების მეთოდით წამლობა ხორციელდება.
ამ ეტაპზე, გურიის რეგიონში დამონტაჟდა 5 000 „მოიზიდე და გაანადგურე” სადგური. ცივი შესხურების მეთოდით წამლობა მიმდინარეობს ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.
აჭარაში დამონტაჟდა 5 000 ათასი „მოიზიდე და გაანადგურე” სადგური. ცივი შეესხურების წამლობა, დღეის მდგომარეობით, ხორციელდება ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.
იმერეთის რეგიონში დამონტაჟდა 15 550 „მოიზიდე და გაანადგურე” სადგური. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ამ დროისთვის, ქუთაისში, ვანის, ხონის, სამტრედიის, წყალტუბოს ბაღდათის, თერჯოლის მუნიციპალიტეტების იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც დამჭერი ხაფანგებია განთავსებული, ეტაპობრივად ხორციელდება ცივი შესხურების მეთოდით წამლობა“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
სააგენტოს ცნობით, ღონისძიებების პარალელურად, მონიტორინგის ჯგუფის წევრები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ, საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ და „მოიზიდე და გაანადგურე” სადგურების მექანიკურ მეთოდებს აცნობენ. ადგილობრივები ჯგუფის წევრებისგან დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები