ხულოში ახალი ტურისტული მარშრუტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს წელს ახალი ეკოტურისტული, სათავგადასავლო და საფეხმავლო ტურისტული მარშრუტები ელოდებათ. ახალი ტურისტული მარშრუტებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ხულოს სამხატვრო გალერეაში გამართა, რომელსაც აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე, მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება დასრულებულია. მოგზაურებს 3-დღიანი წრიული მარშრუტების გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე შეეძლებათ. ამას ემატება არსებული ტურისტული მარშრუტებიც, რომელთა განვითარებაც ეტაპობრივად ხორციელდება. ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი; ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი; ხულო-სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი და გოდერძი-მწვანე ტბა-ბეშუმის ტურისტული მარშრუტი“, – აცხადებენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ცნობით, წელს იწყება ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის დეტალური კვლევა და ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადება.