არჩილ თალაკვაძე: ენმ-ის მიერ ზუგდიდში მობილიზებული ხალხის მიზანი არჩევნების დღეს “ზონდერობა” იქნება

“დაგვრჩა ორი დღე და ვხედავთ, რომ ოპოზიციას მთავარ სამიზნედ შუალედურ არჩევნებში შერჩეული აქვს ზუგდიდი. ჩვენ კანდიდატს, შენგელიას, მაღალი აქტიურობის შემთხვევაში, აქვს გამარჯვების შესაძლებლობა. ჩვენი ინფორმაციით, ზუსტად ანალოგიური მონაცემები აქვს “ნაციონალურ მოძრაობასაც” თავის კვლევებში. სწორედ ამიტომ, ისინი გეგმავენ, გაყალბებული მონაცემებით, პროპაგანდის გზით, რეალობის შეცვლით, წინასწარ შეამზადონ ზუგდიდის საზოგადოება; დაარწმუნონ იმაში, რომ, თითქოს, მათ კანდიდატს აქვს მაღალი მხარდაჭერა ზუგდიდში”< – ამის შესახებ ზუგდიდის “ქართული ოცნების” შტაბში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

​საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ათასობით ადამიანის ზუგდიდში მობილიზებასაც შეეხო. თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულად ჩამოყვანილი ხალხის ფუნქცია არჩევნების დღეს “ზონდერობა” იქნება. თალაკვაძის თქმით, ოპოზიცის მიზანი საარჩევნო პროცესის ჩაშლაა, რადგან მათ კარგად იციან, “ქართული ოცნების” კანდიდატს, გიორგი შენგელიას გამარჯვების რეალური შანსი აქვს.
” “ნაციონალურ მოძრაობას” მობილიზებული ჰყავს ბევრი აქტივისტი ზუგდიდში და, ჩვენი ინფორმაციით, ისინი გეგმავენ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩამოყვანას. მათი რეალური ფუნქცია ამ არჩევნებში ​ “ზონდერობა” იქნება, ზოგიერთი მათგანი იქნება დამკვირვებლის სტატუსით, ზოგიერთი მათგანი იქნება ახლადშექმნილი მედიასაშუალებების სტატუსით. აი, ამ ადამიანების გამოყენებით, ისინი ეცდებიან, რომ შექმნან დაძაბულობა და ჩრდილი მიაყენონ ამ შუალედურ არჩევნებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ მათი არაერთი ლიდერი პირდაპირ აცხადებს, რომ არჩევნების გზით შეუძლებელია ცვლილებების მიღწევა და ისინი პირდაპირ მოუწოდებენ თავის ადამიანებს არეულობისა და დესტაბილიზაციისკენ, წინასწარ ახდენენ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და ამას ემსახურებოდა ამ დღეებში საარჩევნო ადმინისტრაციაზე მიტანილი იერიშიც.
რეალურად, მათი მიზანი არის პროცესის ჩაშლა. ისინი გადადიან პროცესის ჩაშლის პრაქტიკაზე, ვინაიდან მათ აქვთ მონაცემები, რომ გეგა შენგელია, მაღალი აქტიურობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
შეგვიძლია, გადავხედოთ მიმდინარე კამპანიას, მონაცემებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ზუგდიდში ატარებს მშვიდ, საქმიან წინასაარჩევნო კამპანიას, ხვდება თითოეულ მოქალაქეს პირისპირ. იმ დროს, როცა ქალაქში სიმშვიდეა და კამპანია მიმდინარეობს ნორმალურ, თავისუფალ გარემოში, რჩება არეულობის ერთი ადგილი – “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი და მათი კამპანია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ საერთაშორიო კომისიასა და დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყურადღება გაამახვილონ ზუგდიდში მიმდინარე შუალედური არჩევნების პროცესს
“ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ საერთაშორისო სადამკვირვებლო კომისიას, დიპლომატიურ კორპუსს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდში შუალედური არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის პროცესს”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები