მამუკა ბახტაძემ და კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს

“საქართველოსა და ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ძალიან ფართო პერსპექტივა აქვს და მნიშვნელოვანია ამ მხრივ არსებული პოტენციალის სრულად ათვისება”, – ამის შესახებ საქართვეელოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეხვედრაზე აღინიშნა.
პრეზიდენტმა ტოკაევმა პრემიერმინისტრ ბახტაძეს, დელეგაციასთან ერთად, “აკორდას” სასახლეში უმასპინძლა.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობაზე, რომლის ფარგლებში მხარეებმა სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების კონკრეტულ გზებზე უნდა იმსჯელონ. პრემიერის შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დღეს ხელმოწერილი საგზაო რუკაც, რომელიც 2019-2022 წლებში საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის საქონელბრუნვის ნომენკლატურის გაფართოებას გულისხმობს.
დადებითად შეფასდა ინვესტიციების სფეროში აქტიური თანამშრომლობა და ამ კუთხით არსებული მიღწევები. განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ორი ქვეყნის პორტების თანამშრომლობის გააქტიურება.
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი და, ამასთანავე, ასტანას ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს.
კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მამუკა ბახტაძეს წინასწარ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა.
შეხვედრისას, ასევე, საუბარი შეეხო ყაზახეთში 9 ივნისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. პრეზიდენტმა ტოკაევმა განაცხადა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ, რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები