შსს-მ ზუგდიდში ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

„სამართალდამცველებმა სამეგრელოში ნარკორეალიზატორი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლოზ დიასამიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 14 მაისს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული ვ. კ. დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებას სისტემატურად ახდენდა. მისი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით“, – განაცხადა ნიკოლოზ დიასამიძემ.
მისივე თქმით. მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე სამართალდამცველებმა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 150-ზე მეტი პირი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას“, – აღნიშნა ნიკოლოზ დიასამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები