საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის 2/3 შეთანხმებულია შესაბამისი კომისიების მიერ

14 მაისს, ბაქოში,  საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხალაფ ხალაფოვს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა.

მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო ნაბიჯები. აღინიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3 შეთანხმებულია შესაბამისი კომისიების მიერ და აუცილებელია აქტიური კომუნიკაციის განახლება შეუთანხმებელი მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ორი ქვეყნის სამთავრობო კომისიების ოფიციალური სხდომა ჩატარება შემდეგ კვირას.

ორი ქვეყნის წარმომდგენლებმა ხაზი გაუსვეს საკითხის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მიუღებელია საკითხის ირგვლივ ნებისმიერი სახის პროვოკაციები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობის გათვალისწინებით, იხელმძღვანელებენ დავით გარეჯის სასაზღვრო ზოლში თავისუფალი გადაადგილების არსებული პრაქტიკით და მის განხილვას დაუბრუნდებიან შემდგომ შეხვედრაზე.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მოლაპარაკებების კონსტრუქციული მიდგომით წარმართვაზე და ხაზი გაუსვეს სამუშაო პროცესში ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინების აუცილებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები