თამარ ხულორდავა კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – თამარ ხულორდავა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ირინე ფრუიძესთან ერთად, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ამ პროცესში გერმანიის როლზე ისაუბრეს. თამარ ხულორდავამ მადლობა გადაუხადა ფონდის ხელმძღვანელობას კომიტეტთან ეფექტური პარტნიორობისთვის.
თამარ ხულორდავას განცხადებით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია სქართველოს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც განსაზღვრავს არა მხოლოდ საგარეო, არამედ – საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებას.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სტუმრებს ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ ქვეყანაში, სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად მიმდინარეობს დემოკრატიული რეფორმები. ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის ცხოვრების დონის გაუმჯობესების გზაა. გვსურს, ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხო. საქართველოს მოქალაქეებს სურთ, გახდნენ მშვიდობიანი განვითარებული სივრცის ნაწილი”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მის გავლენაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე. თამარ ხულორდავამ ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ასოცირებული ქვეყნების მიმართ განსხვავებული მიდგომის მნიშვნელობაზე, აღნიშნა საქართველო-უკრაინა მოლდოვას საპარლამენტო თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში გაწეული მუშაობა.
„კონრად ადენაუერის ფონდი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფონდი გერმანიაში, რომელსაც გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე. ფონდის წარმომადგენლები კარგად არიან ინფორმირებული ევროპული პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. მათ აქვთ სურვილი, რომ დაგვეხმარონ ჩვენი ევროპული პერსპექტივების, ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინ წაყვანაში, ამიტომ მნიშვნელოვანია მათთან პირდაპირი კომუნიკაცია. სტუმრებს გავაცანით ჩვენი ხედვები, გეგმები, გამოწვევები და მივიღეთ მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობის სურვილი”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დღეს გამართულ შეხვედრაზე კონრად ადენაუერის სახელობის ფონდიდან – საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ფრანკ პრისი, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ლარს ჰენზელი, აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში რეფერენტი – ფილიპ დინსტბიერი და სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი თომას შრაპელი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები