ედიშერ გვენეტაძე: დემოკრატიისთვის თავდადებული მებრძოლი მხარს გაუმაგრებს დემოკრატიის გაცხადებულ მტრებს

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილის მხრიდან შალვა შავგულიძისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას ეხმაურება.
„ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყოფილი “რეპუბლიკელი” და ახლა „მშენებელი“, დავით უსუფაშვილი მთაწმინდაზე მხარს უჭერს იმ ძალას, რომელმაც დეპუტატობის კანდიდატად წამოაყენა შალვა შავგულიძე. ანუ გამოდის, რომ დემოკრატიისთვის თავდადებული მებრძოლი მხარს გაუმაგრებს დემოკრატიის გაცხადებულ მტრებს – „ევრონაცებს“.
ბედის ირონიაა ის, რომ ბატონი დავითისთანა გამოცდილი პოლიტიკოსი თანადგომას უცხადებს იმ ძალას, რომელმაც, ფაქტობრივად, გაანადგურა და იავარქმნა იმ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ქართული დემოკრატიის მზარდი ნორჩი ყლორტები. რომელთაც ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ელემენტარული უფლებები და რომლის წინააღმდეგაც თავად იბრძოდა დავითი წლების განმავლობაში. სხვის ნაუბარზე რა უნდა ვთქვა… საკუთარ თავზე მაქვს განცდილი ყველა ის უბედურება, რაც კონკრეტულად ამ კაცთმოძულე ძალამ დააატეხა თავს 2012 წლის სექტემბერში ჩემს ოჯახს, რაც კონკრეტულად გამოიხატა მუქარით მისი წევრების ფიზიკურად ამოწყვეტის შესახებ. და რომ არა 1-ელი ოქტომბერი, ალბათ, სისრულეში ექნებოდათ მოყვანილი დღეს უკვე ცხვრის ქურქში გახვეულ მგლებს მათივე დანაპირები.
ბატონო დავით, პოლიტიკოსი ბრძანდებით და ჩვეულებრივი ამბავია, რომ მოახლოებული არჩევნების წინ მოსინჯოთ ცალკეულ პოლიტიკური ძალებთან შესაძლო ალიანსების პერსპექტივა მომავალი პოლიტიკური ბატალიებისთვის. და ეს სავსებით გამართლებულად მიმაჩნია, მაგრამ ვერასდროს  წარმოვიდგენდი, რომ თქვენისთანა, დემოკრატიისათვის მებრძოლი კაცი დემოკრატიის დამსამარებლებსა და ქართული პოლიტიკის შავბნელ ძალასთან თუ დაიწყებდა პოლიტიკურ კეკლუცობას.
აი, ეს არის, ჩემო ჰორაციოს, თქვენგან საკვირველი და სწორედ ამიტომ ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ“, – წერს ედიშერ გვენეტაძე „ფეისბუქპოსტში“.
ცნობისთვის, მთაწმინდაზე მაჟორიტარი კანდიდატის შუალედურ არჩევნებში დავით უსუფაშვილი მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს. უსუფაშვილი ბლოკი „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობასაც შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები