გიორგი გახარია: შსს ებრძვის ნარკოდანაშაულს და ვერ იქნება ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი

„შს სამინისტრო არის უწყება, რომელიც ებრძვის ნარკოდანაშაულს, ნარკოტიკების გავრცელებას, ნარკორეალიზატორს და ის ვერ იქნება ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი და ინიციატორი“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ არასამთავრობოების მიერ დღეს გავრცელებული მიმართვის პასუხად განაცხადა.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, თავის დროზე თავადვე დაჰპირდა საზოგადოებას, რომ შს სამინისტრო ნარკოპოლიტიკის მიმართ იქნება პასუხისმგებლიანი და ეფექტური.
„თავის დროზე გავეცი დაპირება, რომ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით შს სამინისტრო იქნება პასუხისმგებლიანი და ეფექტური პარტნიორი საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო – უწყება, რომელიც ებრძვის ნარკოდანაშაულს, ნარკოტიკების გავრცელებას, ნარკორეალიზატორს, ვერ იქნება ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი და ინიციატორი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ და იმავე დაპირებას გავცემ – ვიქნები აბსოლუტურად ადეკვატური და ეფექტური პარტნიორი, მაგრამ თუ მეორე მხარე არ გააქტიურდება, მეორე მხარე არ გადადგამს ნაბიჯებს ამ მიზნის მისაღწევად, შსს ნარკოპოლიტიკის ინიციატორი ვერ იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისათვის, არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმამდე ნარკოდანაშაულზე დაკავებულთა გარკვეულ კატეგორიაზე ერთჯერად ამნისტიას დაუჭირონ მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები