ომბუდსმენი: სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არასრულწლოვნები აუცილებლად უნდა სარგებლობდნენ დაცვის მაღალი სტანდარტით

“გადაუჭრელ პრობლემად რჩება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირება, რთული ქცევისა და კრიზისული მდგომარეობის მართვა, ბავშვზე ძალადობის ფაქტების პრევენცია, მათზე დროული რეაგირება და ფსიქო-სოციალური დახმარება”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში – „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგის – ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობა” არის ნათქვამი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული,სახელმწიფოს არ გააჩნია სისტემური ხედვა ბავშვთა სიღარიბის დაძლევისა და ოჯახების სოციალური ფუნქციის ამაღლების მიმართულებით.
“არსებული პროგრამები ვერ პასუხობს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებებს, რაც, შესაბამისად, უარყოფითად აისახება ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ასევე, პრობლემად რჩება ბავშვზე ზრუნვის სფეროში არსებული ხარვეზები, შესაბამისი სპეციალისტების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობრივი სიმცირე და მათი ეფექტიანი ჩართულობის პრობლემები”, -აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით არაერთი გამოწვევა გამოავლინა.
როგორც ირკვევა, წლების განმავლობაში რჩება პრობლემები ბავშვის მიმართ ძალადობის, განათლების უფლების განხორციელების, არასრულწლოვანთა სათანადო ფსიქოლოგიური/სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების, ზრუნვის პროცესში ჩართულ პირთა კვალიფიკაციისა და როგორც ადამიანური, ისე – ფინანსური რესურსის ნაკლებობის მიმართულებით.
“სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არასრულწლოვნები აუცილებლად უნდა სარგებლობდნენ დაცვის მაღალი სტანდარტით, რადგან სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილება, მომსახურების ფორმების ხშირი ცვლა, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ქცევითი პრობლემები, ძალადობის გამოცდილება, ბიოლოგიური ოჯახისგან განცალკევება არასრულწლოვანთათვის სტრესულ ფაქტორებს წარმოადგენს და ბავშვისადმი განსაკუთრებული მოპყრობის, მათი მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფის აუცილებლობას წარმოშობს”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები