სოფიო ქაცარავა სლოვაკეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავას სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი – ფრანჩიჟეკ რუჟიჩკა, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, რობერტ რობერტ ანდრეიჩაკი და სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში პაველ ვიზდალი.

შეხვედრისას, სლოვაკეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა. „სლოვაკეთი მზად არის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა და გააძლიეროს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით”, – აღნიშნეს სტუმრებმა.

სოფიო ქაცარავამ სლოვაკეთის დელეგაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში სლოვაკეთის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით, ეუთო-ს განზომილებაში განაგრძობენ მუშაობას.

შეხვედრისას, ასევე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები. სლოვაკეთის დელეგაციამ მაღალი შეფასება მისცა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებს. როგორც აღნიშნა, საქართველო წარმოადგენს ლიდერ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხზე და სლოვაკეთის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის როლზე ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პროცესში. ასევე, განვიხილეთ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. შევთანხმდით, რომ მომავალში გავაგრძელებთ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკელმა კოლეგებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ყველა იმ ნაბიჯს, რაც იდგმება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები