ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები ძირითადად, გამოწვეული არის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან. „რიგი დირექტივები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც ქვეყანამ აიღო ეხება ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებას, მათ შორის, მონიტორინგის სისტემის და შეფასების სისტემის გაუმჯობესების საკითხებს და ამისათვის მნიშვნელოვანია რომ შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა”, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობდა ერთი წელი, რადგან საკითხი კომპლექსურია. მისივე თქმით, ქვეყნისთვის შემოდის რიგი ვალდებულებები, რომლის წარმატებით განხორციელება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არის ქალაქები სადაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონე საკმაოდ მაღალია.

„ევროპაში, ქვეყანა იყოფა გარკვეულ ზონებად. შესაბამის ზონებში ხდება მონიტორინგის სისტემის იმგვარად განთავსება, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალური სიზუსტით ინფორმაციის მოწოდებას ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისათვის, რათა ვიცოდეთ რა არის დამაბინძურებელი ნივთიერებები, ძირითადი გამომწვევი მიზეზები და შედეგებზე დაყრდნობით გაკეთდეს ეფექტიანი გეგმები, რომლებიც უზრუნველყოფს დროის გარკვეულ მონაკვეთში ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ მეთოდს მიმართავენ ყველა მსხვილ ინდუსტრიულ, მათ შორის, განაშენიანებულ ქალაქებში, სადაც ძირითადად, ავტოსატრანსპორტო მოძრაობის შედეგად არის მაღალი ჰაერის დაბინძურების დონე”, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში ასეთი რეგულაციები ამ დრომდე არ არსებობდა.

„ჩვენ წავედით იგივე მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ იქნება რამდენიმე ქალაქი, რომელსაც ცალკე დასჭირდება შესაბამისი სამოქმედო გეგმა. მათ შორის, ქუთაისისთვის, რუსთავისთვის და ბათუმისთვის. დედაქალაქისთვის ასეთი სამოქმედო გეგმა ჩვენ უკვე გვაქვს. ამის პარალელურად, დაწყებული გვაქვს პროექტი, მოდელირების სისტემის შესაქმნელად, რაც საშუალებას მოგვცემს ვიცოდეთ რა არის ამ ქალაქებში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებები, რათა დავსახოთ შესაბამისი გეგმები”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს კანონის დონეზე ეკისრება ასეთი გეგმების შემუშავების ვალდებულება, რომელიც იქნება 5-წლიანი. გარდა ამისა, კანონის დონეზე განისაზღვრება ის ძირითადი ნივთიერებები, რომელზეც სახელმწიფომ მუდმივი მონიტორინგი უნდა ჩაატაროს იმისათვის, რომ მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს ჰაერის მდგომარეობის შესახებ მათ შორის, ეს ეხება მძიმე მეტალებს.
გარდა ამისა, კანონის დონეზე ასევე, რეგულირდება თუ როგორი შუალედით და სიხშირით უნდა ჩატარდეს ატმოსფერულ ჰაერზე მონიტორინგი.

„კანონით ჩვენ ვადგენთ, რომ დამაბინძურებელ ნივთიერებებზე უნდა მოხდეს 24-საათიანი დაკვირვება, საზოგადოებისთვის სამთვიანი შედეგების წარდგენა ანუ ანგარიშგება, და წლის ბოლოს უნდა გაკეთდეს შემაჯამებელი ანგარიში. გარდა ამისა, კანონითვე განვსაზღვრავთ როგორი უნდა იყოს სამოქმედო გეგმა, რომელსაც მთავრობა დაადგენს თითოეული ქალაქისთვის, სადაც დაბინძურება გვაქვს და უნდა გამოვასწოროთ ჰაერის მდგომარეობა. კანონით არის განსაზღვრული რა ნივთიერებებზე უნდა მოხდეს დაკვირვება, ვის რა კომპეტენციები აქვს სახელმწიფო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შემოდის საკმაოდ მაღალი სტანდარტი და კანონის დონეზე მოხდება ყველა ამ საკითხის დეტალური განსაზღვრა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, სამინისტროს და მთავრობას დაევალება, რომ 2021 წლის პირველ სექტემბრამდე დაამტკიცოს და განსაზღვროს ქვეყნაში ის ქალაქები და ზონები სადაც გადაჭარბებული არის ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია. ასევე, დაევალება განსაზღვროს ის ქმედებები, რომლებიც სავალდებულო იქნება შესასრულებლად რათა დროის გარკვეულ მონაკვეთში, უკეთესი ჰაერის ხარისხი მივიღოთ.
მომხსენებელმა, კომიტეტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„წარმოდგენილ ინიციატივაში არის რამდენიმე სიახლე. მნიშვნელოვანია, რომ კანონის დონეზე განისაზღვრება ძირითადი მავნე ნივთიერებების ჩამონათვალი. სიახლეს წარმოადგენს სამოქმედო გეგმები, ზონალური დაყოფა, რაც მონიტორინგის სისტემის სრულყოფას ემსახურება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის. ასევე მისასალმებელია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები ასე მოკლე დროში სრულდება”, – აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები