„მასმედიასთან წვდომა არ არსებობს“- გიორგი ანდრიაძის განცხადებით, მას ტელეეთერებში ბლოკავენ

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ანდრიაძის განცხადებით, ის სხვადასხვა ტელევიზიაში იბლოკება და საშუალება არ აქვს, ამომრჩევლებს საკუთარი პროგრამის შესახებ ინფორმაცია ტელეეთერების მეშვეობით მიაწოდოს. ამის შესახებ ანდრიაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, ჩვენთან დემოკრატიის ხარისხი, თითქმის, არ არის. ამას მოწმობს თუნდაც დღეს აქ წარმოდგენილი მიკროფონები. ეს იმას ნიშნავს, რომ მასმედიას ეს თემა არ აინტერესებს. მას აქვს  დაკვეთა თავისი პარტიული კანდიდატების წარმოჩენისათვის; კერძოდ „რუსთავი 2“, „TV პირველი“, „ იმედი“ წარმოაჩენენ თავის პოლიტიკურ კანდიდატებს და სხვა მიმართულებით ინტერესი არ აქვთ. ამას დემოკრატია არ ჰქვია. მოსახლეობა, ელემენტარულად, ინფორმაციას ვერ იგებს, თუ ვინ მონაწილეობს აჩევნებში, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა პროგრამა აქვს კანდიდატს. სამწუხაროდ, ასე იყო საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაშიც. მე დიდი იმედი მქონდა, რომ მსგავსი ტიპის ბლოკირებას შუალედურ არჩევნებზე მაინც არ გააკეთებდა ეს კოჰაბიტაციური, “ნაციონალურ-ოცნებისტური” ხელისუფლება. მაგრამ იგივე გაიმეორეს.
იხილეთ ქრონომეტრაჟი, გადაახვით „რუსთავზე“, „tv პირველზე“, „იმედზე“ – ნახავთ, რომ ყოველდღე გადის ამა თუ იმ კანდიდატის კლიპი. გავიდა 2 თვე და ჩემი კლიპი ერთხელ არ გაუშვიათ. მე წარმადგინა 4 კვალიფიციურმა პარტიამ, საპრეზიდენტო არჩევნეებში კიდევ არ მქონდა ეს წარდგენა და რაღაც ლოგიკა ჰქონდა მასმედიას და ახლა ლოგიკა არ არის.
არჩევნები დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩატარებულად მიიჩნევა მაშინ, როცა კანდიდატს აქვს წვდომა მოსახლეობასთან, მასმედიასთან. მასმედიასთან წვდომა შეზღუდული კი არ არის, არ არსებობს. ორჯერ ვიყავი “საზოგადოებრივ არხზე”, ისიც იმიტომ, რომ ეტყობა, დემოკრატიის ელემენტარული პრეზენტაცია გაეკეთებინათ. „რუსთავი 2-ზე” ჩაბარებული ჩვენი კლიპი 2 კვირაა, არ გაუშვიათ..

ერთადერთი – შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან. დაახლოებით, 850 ოჯახი ვნახეთ. რომ შეხვალ ადამიანთან, ხომ უნდა დაელაპარაკო? ელემენატრულად, მეტი დრო არაფერში დაგვიხარჯავს. ამის იმედი გვაქვს. ასევე, გვაქვს სოციალური ქსელის იმედი“, – განაცხადა ანდრიაძემ.

შეგახსენებთ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები