მიხეილ სააკაშვილი: იმის მაგივრად, რომ სტანდარტები აგვემაღლებინა, ამათ გააუქმეს გამოცდები
“საქართველოს განთავისუფლების ოპერაცია დღეს არის ოფიციალურად დაწყებული და ამას მივიყვანთ საბოლოო გათავისუფლებამდე”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში, ქართველ ემიგრანტებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.
მან არსებული ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა.
„ჩვენ უნდა შევქმნათ საკადრო ბანკი, მათ შორის – ინტერნეტრესურსებით, საქართველოსთვის საუკეთესო კადრების პოვნისთვის. მათი ოფიციალური იდეოლოგია არის კორუფცია და არ შეიძლება, კორუფცია იყოს იდეოლოგია. ისინი მართავენ მხოლოდ კორუფციით. სიმართლე არის ჩვენ მხარს, ინტელექტი არის ჩვენ მხარეს, ქართველი ხალხი არის ჩვენ მხარეს, ისტორია არის ჩვენ მხარეს, საქართველოს პოლიცია არის ჩვენ მხარეს, შეირაღებული ძალები არის ჩვენ მხარეს. საქართველოს განთავისუფლების ოპერაცია დღეს არის ოფიციალურად დაწყებული და ამას მივიყვანთ საბოლოო გათავისუფლებამდე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა ცალკეული გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილებაც დაიწუნა.
„იმის მაგივრად, რომ სტანდარტები აგვემაღლებინა, ამათ გააუქმეს გამოცდები. მე მესმის, რომ ბევრმა მშობელმა ამოისუნთქა შვებით იმიტომ, რომ უხდებოდა რეპეტიტორების აყვანა. სხვანაირად სკოლა ვერ აძლევდა განათლებას გამოცდების ჩასაბარებლად. მაგრამ, უკაცრავად, თუ მკურნალობა ცუდია, ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობაზე უარი თქვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.