61 წლის ჯულიეტა კოშაძეს, რომელიც მეორე სართულიდან გადმოვარდა, დახმარება ესაჭიროება

ჯულიეტა კოშაძე 16 წელია, საშინელი ტკივილებისგან იტანჯება; არანაირი ტკივილგამაყუჩებელი  შველის, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. მხოლოდ 61 წლისაა, მაგრამ ის ლოგინსაა მიჯაჭვული. ცხოვრობს ქალიშვილსა და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ნახევრად დანგრეული, ერთსართულიანი საკუთარი სახლის ერთ ოთახში. დანარჩენი ოთახები საცხოვრებლად გამოუსადეგარია. როგორც კი მის საცხოვრებელში შეხვალთ, იგრძნობა გასაცოდავებული ყოფა, უსახსრობა…

ერთადერთი სიმდიდრე, რაც ამ ოჯახს აქვს, კედელზე ჩამოკიდებული ხატებია – „როდესაც მეტი აღარ შემიძლია, ვუყურებ ჩემს ხატებს. უფალს, ყველა წმინდანს ვთხოვ დახმარებას და ტკივილიც, თითქოს, წამით მიყუჩდება ხოლმე“, – ამბობს ქალბატონი ჯულიეტა. “ჩერნოვეცკის ფონდის” წარმომადგენელი მას იმ სირთულეებზე ესაუბრა, რომლებიც ამდენი წელია, რაც აწუხებს.

– ქალბატონო ჯულიეტა, როგორ მიიღეთ ეს ტრავმა, რომელიც უკვე ამდენი წელია, არ გაძლევთ სრულფასოვნად ცხოვრების საშუალებას?

ჯულიეტა კოშაძე: 16 წლის წინ გადმოვვარდი მეორე სართულიდან, ექიმებმა ჩემი გადარჩენა მოახერხეს, მაგრამ სერიოზულად დამიზიანდა ხერხემალი და იმ დღიდან ვარ ასე მიჯაჭვული ერთ ადგილს, არაფერი  მიყუჩებს ტკივილებს.

– ვინ ზრუნავს თქვენზე?

ჯულიეტა კოშაძე: ვცხოვრობ ქალიშვილსა და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად. ჩემი მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ყველაფერს ჩემი გოგონა მიკეთებს, არ მცილდება თავიდან.

– რა არის თქვენი ოჯახის შემოსავალი?

ჯულიეტა კოშაძე: ჩემი ქალიშვილი ვერ ახერხებს მუშაობას, მე მარტო ვერ მტოვებს, არაფრის გაკეთება შემიძლია დამოუკიდებლად. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება და ჩემი პენსიაა.  ეს გვყოფნის ელემენტალურ საკვებზე, მედიკამენტებზე და ძლივს ვიხდით კომუნალურ გადასახადს. სხვა არაფერი და არავინ გვყავს ამ ქვეყნად.

– როგორ გეხმარებათ “ჩერნოვეცკის ფონდი”?

ჯულიეტა კოშაძე: ძალიან მადლიერი ვარ ფონდის! მისი თანამშრომლები ხშირად დადიან ჩემთან, მამარაგებენ მედიკამენტებით, ექიმები მეთვალყურეობას მიწევენ, აკვირდებიან, რამდენად სწორად მიმდინარეობს მკურნალობა.

– რა გჭირდებათ ყველაზე მეტად ამ  ეტაპზე?

ჯულიეტა კოშაძე: ძალიან მჭირდება მედიკამენტები, საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები…

“მეგობრებო, გთხოვთ დავეხმაროთ ქალბატონ ჯულიეტას, არ დავტოვოთ ის მარტო თავის გასაჭირთან, ჩვენ შეგვიძლია მას შევუმსუბუქოთ ტკივილი. მოდით ერთად დავეხმაროთ მათ, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანადგომა. “ჩერნოვეცკის ფონდის” ანგარიშია: GE15TB7194336080100003  ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: ჯულიეტა კოშაძე). თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც “, – აცხადებენ ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები