პარლამენტის წევრებმა საჩოგბურთო ტურნირის – „საქართველოს პარლამენტის თასი 2019″-ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

მზიურის საჩოგბურთო კორტებზე საჩოგბურთო ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი 2019″ დასრულდა. ტურნირში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტის აპარატის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და მოყვარული ჩოგბურთელები მონაწილეობდნენ.
როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, დღეს გაიმართა ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები. ტურნირის გამარჯვებული მონაწილეები საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა დააჯილდოვეს.
„ნებისმიერი აქტივობა, სპორტული თვალსაზრისით, ჩემთვის, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ძალიან ძვირფასია. პირველი ეტაპისთვის საკმაოდ კარგი ტურნირი გამოდგა. სამდღიან ტურნირში დაახლოებით 60-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და დღეს გამარჯვებულები დავაჯილდოვეთ. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ წელს ტურნირის მასშტაბი გაიზრდება. გვინდა ჩავატაროთ საერთაშორისო ტურნირი და მოვიწვიოთ სხვა ქვეყნის პარლამენტარები. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოთქვას სურვილი სპორტში ჩართულობის, რადგან ამ მხრივ არ აგვაქვს სახარბიელო სურათი და ჩვენი ვალია, რომ მოსახლეობას მივცეთ მოტივაცია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკავდეს სპორტით”,-განაცხადა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.
იდეის ინიციატორის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, დაგეგმილია, რომ მომავალ წელს ტურნირმა საერთაშორისო ხასიათი მიიღოს და ამ ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებმა მიიღონ.
„ძალიან კარგ იდეას ჩაეყარა საფუძველი. ძალიან კარგი ტურნირი დავიწყეთ, რაც მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. მთავარია, რომ ყველა მონაწილე იყო ძალიან კმაყოფილი და დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ წელს უფრო ფართომასშტაბიანი და საერთაშორისო გახდება ეს ტურნირი და სხვა ქვეყნების პარლამენტების წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
საჩოგბურთო ტურნირის – „საქართველოს პარლამენტის თასი 2019″-ის გამარჯვებულებს საქართველოს პარლამენტის თასი და სიგელები გადაეცათ. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები