საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის წევრებთან და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარედ, გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მათ წიწვოვანი სახეობის 50-მდე ნერგი დარგეს, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. დარგვის სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდა.
საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებს სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი ადგილზე გააცნეს, სადაც დარგვის საგაზაფხულო სამუშაოები დასრულდა.
გასული წლის შემოდგომაზე ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 144 ჰა ფართობი აღადგინა. საგაზაფხულო სამუშაოები წელსაც იმავე ტერიტორიაზე გაგრძელდა და 35 ათასამდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი დაირგო.
„საქართველოს პარლამენტის აპარატი და საქართველოს პარლამენტის მოსამსახურეთა პროფესიული გაერთიანება დღეს ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერილ აქციაში მონაწილეობს, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ დაბაში, გამწვანებას ეხება. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წლის წინ, ხანძარმა ტყის ძალიან დიდი მასივები მოიცვა და ფაქტობრივად, მოხდა ეკოლოგიური კატასტროფა.
ჩვენ, როგორც პარლამენტის წარმომადგენლებმა და როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ აქციაში მონაწილეობა და ჩვენი მცირედი წვლილის შეტანა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.
მან ეროვნულ სატყეო სააგენტოს ამ შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალშიც, გამწვანების აქციაში საკანონმდებლო ორგანოს აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობის მზადყოფნა გამოხატა. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები