გიორგი ჯანჯღავა: თურქული მხარე არ დაუშვებს ტაო-კლარჯეთში, დოლისყანის კარიბჭესთან საპირფარეშოს მშენებლობას
„თურქული მხარე არ დაუშვებს ტაო-კლარჯეთში, დოლისყანის კარიბჭესთან საპირფარეშოს მშენებლობას“, – აცხადებს თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
ელჩის განმარტავს, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ, იგი თურქულ მხარეს ესაუბრა და თურქებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.
“სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელებისთანავე, გუშინ, გვიან საღამოს, დავუკავშირდით თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების გენერალური დირექტორის მოადგილესა და ამავე დირექტორატის რესტავრაციის სამმართელოს უფროსს. თურქული მხარის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დოლისყანის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ და ასევე, არ გააჩნიათ მსგავსი პროექტი, თუმცა შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გამოიკვლევდნენ ამ საკითხს. მათ ასევე გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ადგილი აქვს თვითნებურ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ მსგავს მშენებლობას.
ზემოაღნიშნულმა პირებმა დაავალეს ართვინის კულტურის სამსახურის უფროსს ადგილზე თანამშრომლების მივლინება და საკითხის შესწავლა. ახლახან დაგვიკავშირდა რესტავრაციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც გვაცნობა, რომ ადგილობრივების მხრიდან მოხდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რის შესახებაც კულტურის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, მათ უკვე მიიღეს ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. ასევე, შედგა კომუნიკაცია სოფლის რწმუნებულთან, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები უკვე შეწყვეტილია”, – აცხადებს თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ყოფილმა დიპლომატმა, ისტორიკოსმა, მამუკა კუდავამ სოციალურ ქსელში ინფორმაცია და ფოტომასალა გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ტაო-კლარჯეთში, ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება!
„საგანგაშო, ყოვლად დაუჯერებელი და ყოვლად გაუგებარი სიახლე ტაო-კლარჯეთიდან! X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება! ფოტოები ეს წუთია გამომიგზავნეს. კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული (ზედ ქვები აყრია). ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე, ალბათ, ბეტონსაც დაასხამენ. აქაური ისტორიული ძეგლების დაზიანების (უყურადღებობით გამოწვეული თუ განზრახ ჩადენილი) უამრავი ფაქტია ცნობილი, მაგრამ იმედისმომცემი იყო ტენდენცია, რომ ბოლო ათწლეულებში მსგავსი ფაქტები ძალზე შემცირდა. ის, რაც ახლა დოლისყანაში ხდება, სრულიად დაუჯერებელია!
21-ე საუკუნეა, 2019 წელია და ტაო-კლარჯეთის ძეგლების დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა უკვე კარგა ხანია კარგად ესმით ჩვენს თურქ კოლეგებსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის შესაბამის უწყებებს. იმედი მაქვს, სასწრაფოდ შეწყდება სამუშაოები”, – წერს მამუკა კუდავა სოციალურ ქსელში.
