ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა აგროპროექტი ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას
„სამეგრელო ერთ-ერთ ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე რეგიონია. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ამისთვის ჩვენი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ზუგდიდში, აგროსაინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აგროსაინვესტიციო ფორუმი ყველა რეგიონში ჩატარდება, რათა აგროსასურსათო კუთხით მათი პოტენციალი წარმოჩნდეს.
„ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და წარმოების ზრდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, სახელმწიფოს ხელშეწყობით, დარგის სტიმულირების, განვითარებისა და ხელშეწყობისთვის არაერთი აგროპროექტი შემუშავდა, წარმატებით ხორციელდება და დადებითი შედეგებიც უკვე სახეზეა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა აგროპროექტი ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას და ადგილობრივ ფერმერებს წარმოების ზრდის შესაძლებლობას აძლევს.