გერგეთამდე მისასვლელ გზაზე სტიქიით დაზიანებული მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელ 5.6 კმ-იანი გზის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულ 300-მეტრიან მონაკვეთზე საპროექტო და გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, დაზიანებულ მონაკვეთზე, პრობლემის დაფიქსირებისთანავე, გზების დეპარტამენტის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოხდა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე ცალმხრივად მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტის ტექნიკური სამსახურების, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გეოლოგები ადგილზე იმყოფებოდნენ და არსებული მდგომარეობა დეტალურად შეისწავლეს.
სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად, შესაბამისი ღონისძიებები დაისახება და და სტიქიის პრევენციის სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხდება და დაზიანებულ მონაკვეთზე ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება.
“გეოლოგებთან და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გავეცანით არსებულ მდგომარეობას. უკვე დაწყებულია პროექტირება სტიქიის ლიკვიდაციისა და პრევენციის კუთხით. პარალელურ რეჟიმში, შემდეგ კვირში, დავიწყებთ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოებს, ხოლო რაც შეეხება პრობლემის სრულად აღმოფხვრას, სამუშაოები რამდენიმე თვეს გასტანს”,- განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა.
აღსანიშნავია, რომ დამატებითი სამუშაოები არ გამოიწვევს პროექტის ღირებულების გაძვირებას და ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გახარჯვას. დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა პროექტის თავდაპირველი ღირებულებიდან ხარისხის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი და ამ მიზნით შემსრულებელი კომპანიისთვის დაკავებული 5%-ის ფარგლებში მოხდება.