81 წლის ინგა კარიაული ონკოლოგიური სენითაა დაავადებული – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება 

81 წლის ინგა კარიაული გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ადამიანების გულგრილობამ და საშინელმა საცხოვრებელმა პირობებმა  მისი ყოფა გაუსაძლისად აქცია. “ჩერნოვეცკის ფონდის” ინფორმაციით, იგი ონკოლოგიური სენით არის დაავადებული და უკვე რამდენიმე წელია, დამოუკიდებლად პრაქტიკულად ვერ გადაადგილდება. მას, აგრეთვე, აწუხებს ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადება, ჰაერის უკმარისობა, დაქვეითებული აქვს მხედველობა. ინგა კარიაული ხშირად შიმშილობს, რადგან პენსიის დიდ ნაწილს I ჯგუფის ინვალიდ შვილიშვილს აძლევს.

“ჩერნოვეცკის ფონდი” ქალბატონ ინგას გაესაუბრა:
– როგორ ახერხებთ არსებობას ასეთ გაუსაძლის პირობებში?
– უფლის წყალობით! “ჩერნოვეცკის” ფონდი ხომ სწორედ ღმერთმა გამომიგზავნა. უკვე რამდენი წელია, მხოლოდ ეს ფონდი ზრუნავს ჩემზე. რამდენიმე წლის წინ აღმომაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე, ოპერაცია არ დამჭირდა. გამიკეთდა ქიმიური დასხივება და მითხრეს – არაფერზე არ ინერვიულოო, იცოცხლებო. მადლობა, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის, მაგრამ ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, მიწევს ყოველდღიური ბრძოლა არსებობისთვის…
– კონკრეტულად, რა დახმარებას გიწევთ “ჩერნოვეცკის ფონდი”? 
– მე ვიმყოფები „შინ მოვლის“ პროგრამის აღრიცხვაზე. ხშირად მაკითხავენ თქვენი ექიმები, მედდები თითქმის ყოველდღე მოდიან ჩემთან. საოცარი ხალხია, როგორც საკუთარ ბებიას, ისე მექცევიან, წნევას მიზომავენ, წამლები მოაქვთ, ნემსებს მიკეთებენ…
– მოგვიყევით თქვენს შესახებ, რა პროფესიის ბრძანდებით, სად მუშაობდით?
– პროფესიით ქიმიკოს-ბიოლოგი ვარ, ვმუშაობდი სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. დაქორწინებული ვიყავი, მაგრამ მალევე დავშორდით და დავრჩით მე და ჩემი გოგონა მარტო. 1989 წელს ეროვნული მოძრაობის აქციებში ვიღებდი მონაწილეობას. დღემდე ვერ ვივიწყებ 9 აპრილს, როგორ სასტიკად გაუმკლავდა რუსული არმია მშვიდობიან მომიტინგეებს…
– თქვენც დაშავდით ამ აქციების დროს?
– ცრემლსადენი გაზით მოვიწამლე და რამდენიმე თვე ვმკურნალობდი სტაციონარში. როგორც პროფესიონალმა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ იყო ცრემლსადენი გაზი, ეს იყო ქიმიური ნივთიერება.
– თქვენთან შემოსვლისთანავე იგრძნობა საშინელი ნესტის სუნი…
– ხომ ხედავთ, რა გაუსაძლისი პირობებია? ნესტისგან კედლები დაობებულია, იატაკი სადაცაა ჩაინგრევა, სიარულიც კი საშიშია, ზამთარში ფანჯრებიდან ქარი უბერავს… მოკლედ, საშინელი პირობები მაქვს.
– როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე?
– ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, ძვლები სულ მტკივა, მაღალი წნევის გამო, გაუთავებელი თავბრუსხვევები მაქვს, გული მაწუხებს…
– როგორია დღეს თქვენი შემოსავალი?
– წამლები თქვენი ფონდის მედდებს მოაქვთ. როგორც უკვე ვთქვი, პენსიას და სოციალურ დახმარებას ავადმყოფ შვილიშვილს ვაძლევ, ჩემთვის მინიმუმს ვიტოვებ. ისეთი საშინელი დაავადება სჭირს, რომ უამრავ თანხებს მოითხოვს.
მეგობრებო, თქვენს დახმარებას და თანადგომას ელოდება ქალბატონი ინგა! მისთვის აუცილებელია მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, საკვები პროდუქტი!
“ჩერნოვეცკის ფონდის” ანგარიშია GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ინგა კარიაული). თანხის გადარიცხვა ხდება ჩვენი საიტიდანაც  -https://chernovetskyifund.ge/ge/projects/451-kariauli/?fbclid=IwAR1qq_DL_x0NpoHY7BbGV-DDFmRhOjzOqHhrHNcThbkdngN6-Q5zNHPgvcI

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები