საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს
ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) მმართველი კომიტეტის 2019 წლის არჩევნების შედეგები ცნობილია. ხმის მიცემის პროცესში პარტნიორობის 76 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა. როგორც “კვირას” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, არჩევნებში საქართველომ გაიმარჯვა და პარტნიორობის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს. მათივე ინფორმაციით, კომიტეტის წევრად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და ინდონეზიის რესპუბლიკაც აირჩიეს.
“ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი ორგანო განახლებული შემადგენლობით მუშაობას 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება. საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად პირველად 2014 წელს აირჩიეს. 2016 წელს საქართველო კომიტეტის თავმჯდომარის – საფრანგეთის თანა-თავმჯდომარედ აარჩიეს, 2017 წელს კი საქართველოს მთავრობამ პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის პოზიცია ჩაიბარა. OGP-ის მმართველი კომიტეტის ფუნქციებს შორისაა ღია მმართველობის პარტნიორობის მართვა, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, საქმიანობის დაგეგმვა და უზრუნველყოფა. მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში OGP-ის წევრი 11 ქვეყანა მონაწილეობს. ღია მმართველობის პარტნიორობა საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 80 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია მთავრობათა ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა”,-ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.