ღვთისმშობლის წილხვდომილობის სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის 694 ათასი ლარი გამოიყო
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის – 12 მაისის აღსანიშნავად და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 694 ათასი ლარი გამოიყო.
მთავრობის განკარგულებიდან, რომელსაც პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს, ირკვევა, რომ 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს – საქართველოს საპატრიარქო, 73 ათას ლარს კი – საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მთავრობის კიდევ ერთი განკარგულებით, დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ღვთისმშობლის წილხვდომილობის თემატიკაზე გამოფენები საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გაიმართება.
თბილისსა და რეგიონებში აღნიშნულ თემატიკაზე ღონისძიებებია დაგეგმილი.