12 მაისს მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს აკურთხებენ

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, 12 მაისს, კვირას, 10:00 საათზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის კურთხევა მოხდება.
საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღავლენს.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.
ეს კომპლექსი უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არის საერთო ეროვნული პროექტი, რომელშიც გაერთიანებულია მთელი საქართველო და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სიტყვებით „წმინდა სამების ტაძრის შემდეგ ეს არის ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი“.

ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ფარგლებში გათვალისწინებული ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობასთან ერთად, ათონის მთაზე ქართველთა მონასტრის – ივერონის ანალოგიით, აქ განსაზღვრულია, ასევე, საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობაც. როგორც ცნობილია, ივერონი იყო არამხოლოდ გამორჩეული სულიერი ცენტრი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც. სწორედ ივერონმა განაპირობა, დიდწილად, ქართული იდენტობის შენარჩუნება.
2010 წლიდან დღემდე მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის პროექტისთვის შემოწირულობა 75,000 ადამიანმა გაიღო. მათ მიერ მოხსენიებული ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების საერთო რაოდენობა კი 1,110,000-ია. თითოეული მათგანი, პატრიარქის კურთხევით, ტაძრის აღმშენებლად-ქტიტორად მოიხსენიება. ინფორმაცია აღმშენებლების შესახებ განთავსებულია „საზოგადოება ივერიისას” ვებგვერდზე: www.iveriisa.ge
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით სრულდება ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი. შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს მონასტრისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები