პრემიერი: ვიზალიბერალიზაციის საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ
პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ამის საშიშროება არ დგას. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.
„ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას. საფრანგეთი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან არის ჩვენ გვერდით და მე საფრანგეთსა და ფრანგ ხალხს მინდა, მადლობა გადავუხადო ძალიან სოლიდური მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ ყოველწლიურად. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ჩვენი ცივილური არჩევანი და ეს არის ევროპული ოჯახი. ამ გზაზე ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია არის ორი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს.
ბუნებრივია, იმ საშიშროებებზე, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, თვითონ ფრანგმა კოლეგამ გასცა ერთმნიშვნელოვანი პასუხი. საკითხი, ბუნებრივია, ასე არ დგას. ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა შევხედოთ ამას სახელმწიფოებრივი აზროვნებით. ეს არ არის ვინმეს მონაპოვარი, ეს არის საქართველოს მონაპოვარი, ჩვენი ეროვნული ინტერესების ნაწილი და, ბუნებრივია, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ მონაპოვარს“, – განაცხადა პრემიერმა.