ეკა გეგეშიძე: ნათია თურნავას ახალი ინიციატივა ეკონომიკური იდეების გენერირებას ხელს შეუწყობს
ორგანიზაცია “ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გეგეშიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას იმ ინიციატივას ეხმაურება, სადაც ეკონომიკის დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებს საკუთარი მოსაზრებების გაზიარება-დაფიქსირება შეეძლებათ.
ეკა გეგეშიძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე მიმართულებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
„აქამდე ჩატარებული რეფორმების დიდი ნაწილის შემუშავებაში საქართველოს ეკონომისტ-მეცნიერები ნაკლებად იყვნენ ჩართული, არადა, სწორედ მათი მოსაზრებებია მნიშვნელოვანი საქართველოს თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობისას. ისინი ძალიან კარგად იცნობენ საქართველოს მდგომარეობას, ხოლო უცხოელი ეკონომისტების მიერ ერთჯერადად თავსმოხვეული ინიციატივები, ძალიან ხშირად, მარცხით მთავრდება“, – განაცხადა ორგანიზაცია “ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრის ინიციატივა ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიანი რეფორმების დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე, ახალი იდეების გენერირებას ეკონომიკური ზრდის პროექტებისათვის.