უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული ასობით ადამიანი „არეა ექსპო 2019-ს“ დაესწრო
“არეა ექსპო 2019“ წელს უფრო მასშტაბურად წარდგა მომხმარებლის წინაშე. დეველოპერი და სამშენებლო კომპანიები, არქიტექტორები, ფინანსური ორგანიზაციები, სახელმწიფო სექტორი და უცხოელი ინვესტორები – სწორედ ასეთი იყო უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა.
„განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ კომპანიას, რომელიც ჩვენთან ერთად იდგა 2018 და 2019 წლის ბრძოლის ველზე. ეს არ არის მარტო „არეა ჯგუფის“ პროექტი, ეს არის ერთობლივი პროდუქტი, რომელიც ახალ სტანდარტს ამკვიდრებს უძრავი ქონების ბაზრის მომსახურების სფეროში“,- აღნიშნა „არეა ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა და „არეა ექსპო 2019-ის“ ორგანიზატორმა ნინო ჯინჯოლავამ.
საქართველოში უძრავი ქონების გამოფენა წელს უკვე მეორედ გაიმართა. განახლებულ და უფრო მასშტაბურ ღონისძიებას ამჯერად „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასმა“ უმასპინძლა, რომლის დიდ დარბაზშიც 20-ზე მეტი დეველოპერი კომპანიის სტენდი იყო წარმოდგენილი.
სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლებები და უამრავი სიურპრიზი – ბინის შეძენით დაინტერესებულ ასობით ადამიანს ამ ორი დღის განმავლობაში „არეა ექსპო 2019-ზე“ სწორედ ასე შეხვდნენ.
„არეა ექსპოს“ საერთაშორისო კომპონენტი
„არეა ექსპო 2019“ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა შარშანდელი გამოფენა-გაყიდვისგან როგორც ორგანიზების, ისე მონაწილეების მხრიდან. პრაქტიკულად ყველა მონაწილე ინდივიდუალი ბრენდირებითა და დახვეწილი ვიზუალით წარდგა მომხმარებლების წინაშე, რამაც საერთო განწყობა შექმნა. გარდა ამისა, წელს გამოფენაზე პირველად მონაწილეობდნენ საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანიებიც, კერძოდ, შვეციარიული კომპანია G.S.I.s.r.I და ფინური კომპანია „ჰაბიტა“. შვეიცარიული კომპანია G.S.I.s.r.I საქართველოში პირველად შემოვიდა, დაიწყო ბაზარზე ოპერირება და მომხმარებელს თავი გამოფენაზე გააცნო. კომპანია რეალიზებას უწევს შვეიცარიის, სარდინიისა და ლუგერიის კუნძულებსა და იტალია-შვეიცარიის ანკლავზე მდებარე უძრავ ქონებას. კომპანიამ პროექტი Companione d’Italia „არეა ექსპო 2019-ზე“ წარმოადგინა.
„შვეიცარიულმა კომპანია G.S.I.s.r.I-მ საქართველოს ბაზარზე წელს დაიწყო ოპერირება და ბაზარზე წარსადგენად „არეა ექსპო 2019“-ის პლატფორმა გამოიყენა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის და უნდა აღვნიშნოთ, რომ ღონისძიებამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილა როგორც ესთეტიკური, ისე ორგანიზების მხრივ. უფრო მეტიც, ჩვენში სასიამოვნო გაოცებაც კი გამოიწვია, რომ საქართველოში ასეთი დონისა და ხარისხის ღონისძიებები ტარდება. კმაყოფილები დავრჩით მოზიდული კონტინგენტით, არაერთი საინტერესო საქმიანი შეხვედრა გვქონდა პოტენციურ მომხმარებლებთან, დაფიქსირდა საზღვარგარეთ არსებული უძრავი ქონების მიმართ მზარდი ინტერესი, რამაც ჩვენი საქმიანობის არეალისა და გეგმის მასშტაბების ზრდა განაპირობა“, – აცხადებს, კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენელი მანანა კობალაძე.
ტურიზმის როლი სამშენებლო ბიზნესის სფეროში
ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გახლდათ, რომელიც გამოფენაში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელით მონაწილეობდა. სააგენტომ გამოფენაზე წარმოადგინა პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია, სასტუმრო ბიზნესით დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს ტურისტულად აქტიურ რეგიონებში არსებული სახელმწიფო აქტივები, მათ შორის იყო უნიკალურ კურორტ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმები.
„გამოფენის მსვლელობისას ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, ჩვენს სტენდთან მოსულიყვნენ და მიეღოთ კონსულტაცია სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცედურებთან დაკავშირებით. ღონისძიებიდან წამოვიღეთ საინტერესო კონტაქტები და ვფიქრობ, მათთან პროდუქტიულ და შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას გავაგრძელებთ“, – აცხადებენ სააგენტოში.
მონაწილე კომპანიების შეფასება
როგორც შარშან, ისე წელს გამოფენამ საშუალება მისცა დამწყებ დეველოპერ კომპანიებს, საკუთარი თავი წარმოეჩინათ და პოტენციურ მყიდველებს შეხვედროდნენ. კომპანია „ტიფლისი“ ერთ-ერთია, რომელიც წელს პირველად წარდგა მომხმარებლის წინაშე. მათი მიზანი ბრენდის ცნობადობის ამაღლება გახლდათ როგორც მომხმარებლებს, ისე დეველოპერ კომპანიებს შორის.
„არეა ჯგუფის“ მიერ ჩატარებულმა გამოფენამ ამის საშუალება ნამდვილად მოგვცა. ჩვენ შევხვდით საკმაოდ ბევრ პოტენციურ მომხმარებელს. გარდა ამისა, გავიცანით სხვადასხვა სამშენებლო, უძრავი ქონების მართვის, სარეკლამო და მარკეტინგული კომპანია, რომლებთანაც ვგეგმავთ მომავალ თანამშრომლობას. ამისთვის ჩვენი გუნდი მადლობას უხდის „არეა ჯგუფს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
ღონისძიების პარტნიორები იყვნენ სამშენებლო კომპანია Arcon Invest/არკონ ინვესტი და ავეჯისა და ქვის წარმოების კომპანია „ლაზიერი“. „ლაზიერში“ მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ქართულ ბიზნესს განვითარებაში ხელს აქტიურად უწყობს.
„არეა ექსპო 2019“-ში მონაწილეობამ, პირველ რიგში, საშუალება მოგვცა, ფართო საზოგადოებისთვის უკეთ გაგვეცნო „ლაზიერის“ ბრენდი, კომპანიის შესაძლებლობები და წარმოებული პროდუქციის ხარისხი. გამოფენის ფარგლებში შევხვდით პოტენციურ კლიენტებს და შევიძინეთ რამდენიმე საქმიანი პარტნიორი. ასევე, საჯარო სექტორისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლების პრეზენტაციებიდან მივიღეთ ძალიან საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია სხვადასხვა ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ“, – აცხადებს „ლაზიერის“ კომერციული დირექტორი, ვანო უგრეხელიძე.
„არეა ექსპო 2019“ კვლავ პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის საწყის ეტაპს გადის, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს დიდმა კომპანიებმა, რომლებიც პრემიუმ კლასის შენობებს აშენებენ.
სწორედ ამის გამო, კომპანია „ოუშენ კაპიტალში“, რომელიც „არეა ექსპოზე“ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლით იყო წარმოდგენილი, აღნიშნავენ, რომ ამ ფაქტმა ისინი არათანაბარ და არახელსაყრელ პირობებში ჩააყენა. გამოფენაზე მოსული მომხმარებლების უმრავლესობა არ იყო დაინტერესებული პრემიუმ კომპანიების პროდუქტებით.
„ხარვეზების მიუხედავად, ჩვენ კვლავ კეთილგანწყობილი ვართ „არეა ექსპოს“ ორგანიზატორებისა და ყველა თანამშრომლის მიმართ, რადგან თითოეული ჩემი თხოვნა იყო გათვალისწინებული და მაქსიმალურად ცდილობდნენ, ჩემი, როგორც მონაწილის, სურვილების დაკმაყოფილებას“, – აღნიშნავს „ოუშენ კაპიტალის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატალია ხატიაშვილი.
„არეა ექსპო“ – მომხმარებლისა და დეველოპერის შეხვედრის უცვლელი ადგილი
თუმცა ღონისძიება შედგა. „არეა ჯგუფი“ ცოტა ხანში მომავალი წლის გამოფენის დაგეგმვას დაიწყებს. სამომავლო მიზნებიც უკვე განსაზღვრულია.
„მეტი სამუშაოა ჩასატარებელი უშუალოდ მომხმარებლებთან, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ ვიზიტორებთან, გამოფენა-გაყიდვის კონცეფციის სწორად მიტანისა და ახსნისთვის“, – აღნიშნავს ნინო ჯინჯოლავა.
„არეა ჯგუფის“ მიზანია, „არეა ექსპო“ არ დაემსგავსოს სივრცეს, სადაც დეველოპერები საქმიანი შეთავაზებებისთვის იკრიბებიან, არამედ წარმოადგინონ უშუალოდ მომხმარებელთან თავიანთი პროექტები და, რაც მთავარია, მომხმარებელს შეუქმნან იმის მოლოდინი, რომ გამოფენაზე უფრო მარტივად შეიძენს სასურველ უძრავ ქონებას.
R