31-ე ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ოფიციალურად ჩაერთო. მეოთხე როტაციის გახსნის ცერემონიალს ვაზიანში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას სწავლების დაწყება მიულოცა. ლევან იზორიამ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა რომ, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობა არის საქართველოს დაცულობისა და თავისუფლების გარანტი.
„III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი GDRP-ის ფარგლებში მომზადებას 13 კვირის განმავლობაში გაივლის და წვრთნას 2 აგვისტოს დაასრულებს. ბატალიონის მომზადებაზე პასუხისმგებელი საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC-Combat Training Center) ინსტრუქტორები და აშშ-ის ევროპის სარდლობის I ქვეითი დივიზიის ინსტრუქტორთა ჯგუფი „ყორანი“ იქნება. 31-ე ბატალიონი GDRP-ის ფარგლებში წვრთნებს ასეულის და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, ძირითადად, ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში გაივლის. სწავლება ოთხ ფაზად დაიყოფა, სადაც ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე, წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს დაეთმობა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) უშუალოდ ჩართვამდე 31-ე ბატალიონმა წინამოსამზადებელი 6-თვიანი სწავლება სენაკსა და ნორიოში ინდივიდურ, ათეულისა და ოცეულის დონეზე გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები