“გირჩი” საროსკიპოს ხსნის – “ერთი საათი 50 ლარამდე ეღირება”
თბილისში ახალი საროსკიპო, სახელწოდებით „პიონერი“ გაიხსნება – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„საროსკიპოს სახელწოდებაა „პიონერი“, სპონსორი კი ერთ-ერთი „სექსშოპია“. 1 საათით ამ ფართის დაკავება ეღირება 49 ლარი და 90 თეთრი და ამ სერვისით შეიძლება, ისარგებლოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც სურს სექსუალური მომსახურებით სარგებლობა. აღნიშნულით ჩვენ ვარღვევთ 254-მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციის ხელშეწყობასა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6-წლამდე. ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი – ან უნდა დაგვაპატიმროს მთლიანად „გირჩი“, ან გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი, მათ შორის, ზოგადად, შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა“, – განაცხადა ჯაფარიძემ, რის შემდეგაც მთაწმინდაზე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, ჰერმან საბოს სთხოვა, ოფიციალურად გაეხსნა „საროსკიპო“.
მისი განმარტებით, „ასე არცერთი მსგავსი დაწესებულება არის მოწყობილი არა მარტო საქართველოში, არამედ – მთლიანად ამიერკავკასიაში“.
„რამდენიმე დღის წინ დააკავეს რამდენიმე სასტუმროს მეპატრონე, რომელთაც ბრალად ედებათ პროსტიტუციის ხელშეწყობა და ადგილის გადაცემა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სექსინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს სისტემა როგორც მონებს, ისე ექცევა და ყველა ხელისუფლება, რომელსაც სჭირდება სხვა პოლიტიკური თემის გადაფარვა, ახორციელებს ხოლმე ამ ადამიანების ტერორს“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.
მისი ადვოკატი, არჩილ დვალიშვილი აცხადებს, რომ „მამიდას“ გლდანში მდებარე საკუთარი ფართი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაქირავებული ჰქონდა, თუმცა მეიჯარე იქ რა საქმიანობას ეწეოდა, არ იცოდა.