ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში მშენებარე სასტუმრო “ჰილტონი” დაათვალიერა
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში ასეთი დიდი პროექტები ხორციელდება”, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში მშენებარე სასტუმრო “ჰილტონის” დათვალიერებისას განაცხადა.
2014 წლის ბოლოს ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ” ჰილტონი” გაიხსნება. მშენებლობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ერთად დაათვალიერა. მშენებლობის მენეჯერმა ბენ კოსტერმა პრემიერს სასტუმროს პროექტი გააცნო და განუმარტა, რომ კომპლექსი ორი 22 -სართულიანი კორპუსისგან შედგება. სასტუმროს კომპლექსში 248 ნომერი იქნება. პროექტით გათვალისწინებულია კომერციული ფართი და კაზინო, ხოლო საცხოვრებელ კორპუსში – 90 ბინა.
“სამუშაოები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე, ხარისხი არის საუკეთესო. ძალიან მიხარია, რომ ბათუმში ასეთი მაღალი დონის სასტუმრო და რეზიდენცია გაიხსნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში ასეთი დიდი პროექტები ხორციელდება. კომპანიამ აქტიური სამუშაოები დაიწყო 2012 წლის ოქტომბერში და სულ რაღაც 18 თვეში ასეთ დონეს მიაღწიეს. წლის ბოლოს ჩვენ ერთად გავხსნით ამ მნიშვნელოვან ობიექტს”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაში 90 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოებს შპს “ტურინვესტი” ასრულებს.