სამშვილდის ნაქალაქარზე არქეოლოგიური ექსპედიციის მეორე ეტაპი სექტემბერში გაგრძელდება

სამშვილდის ნაქალაქარის არქიტექტურულ კომპლექსზე გრძელდება სამეცნიერო-კვლევა ძიების პროცესი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრები, რომელიც „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, პოპულარიზაციის და მოვლა-პატრონობის მიზნით ურთიერთანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კომპანია RMG GOLD-სა და საქართველოს საპატრიარქოს 5 ეპარქიას შორის 2017 წლის 10 დეკემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულების ფორმატში მიმდინარეობს, 2018 წელს დაიწყო და 2022 წლამდე გაგრძელდება.
კომპანია RMG GOLD-ს ფინანსური მხარდაჭერისა და სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე სამშვილდეში სამეცნიერო-კვლევა-ძიების პროცესს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის – პროფესორ გოდერძი ნარიმანიშვილის ხელმძღვანელობით კომპანია „სიძველეთა დაცვისა და შესაწვლის ცენტრი – თრიალეთი“ ახორციელებს.
2019 წელს დაგეგმილი სამუშაობის ციკლი არქიტექტურული კომპლექსის 2 უბანს მოიცავს. ნაქალაქარის ციტადელის მთავარი კარიბჭის მიმდებარედ, არქეოლოგიური ძიების შედეგად ქალაქის გალავნის დღემდე უცნობი თავდაცვითი კედელია გამოვლენილი. აღმოჩენილი არქიტექტურული ფრაგმენტის მაქსიმალური სიმაღლე 3 მეტრს, სიგანე 2 მეტრს აღწევს და ის სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. არქეოლოგების მიერ გაითხარა XVIII საუკუნის წყალსადენის ერთი მონაკვეთი და აკვედუკის ნაწილი. სამეცნიერო კვლევის მეორე უბანზე გაჭრილ სადაზვერვო თხრილში გამოვლენილია სათონეს ერთი მონაკვეთი. ბაზალტის ქვით ნაგები სამეურნეო ნაგებობის აღმოჩენილი კედლები მის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებს წარმოადგენს, რომლის შიგნით თონე და სამეურნეო ორმოები დაფიქსირდა. არქეოლოგების წინასწარი დასკვნებით, სათონე XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.
2019 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის მე-2 ეტაპი სამშვილდის ნაქალაქარზე სექტემბრის თვეში გაგრძელდება და ის ციტადელის გალავნის სამხრეთი ნაწილის მიმდებარე არეალს მოიცავს. არქეოლოგიური პროცესი 150 კვ/მ. ფართობზე წარიმართება და 1 დან 3 მეტრამდე სიღრმის კულტურულ ფენებს შეისწავლის.
არქიტექტურულ კომპლექსზე სამეცნიერო-კვლევა ძიების პროცესს დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, კომპანია RMG GOLD-ის დირექტორატთან, სპეციალისტების ჯგუფთან და ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრებთან ერთად გაეცნო.
ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების რეაბილიტაციის 4 წლიანი პროგრამა კულტურული მეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კომპანია RMG GOLD-ისა და საქართველოს საპატრიარქოს 5 (ბოლნისის, მანგლისის და თეთრიწყაროს, ნიკორწმინდისა და ალავერდის) ეპარქიის თანამშრომლობის საფუძველზე 2018 წლიდან ხორციელდება. კომპანია RMG GOLD-ის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ფიტარეთის მონასტრის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს ეკლესიის, ნიკორწმინდის, ალავერდისა და შუამთის სამონასტრო კომპლექსების სრულფასოვან რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 7 უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისათვის კომპანია RMG GOLD 1 მილიონ 700 ათას ლარს გამოყოფს. 4- წლიანი პროგრამის მიმდინარეობას სამოქალაქო მეთვალყურეობას ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ უწევს, რომელიც ძეგლების სარეაბილიტაციო პროცესებზე მონიტორინგის დამოუკიდებლად ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები