“დაწოლის წინ კი უფალს ვევედრები, რომ მომცეს ძალა შვილების გამოსაკვებად” – ჩითინაშვილების ოჯახს დახმარება ესაჭიროება

ჩითინაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში სახლობს, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.  ოჯახის მამა ვერა და ვერ შოულობს სამსახურს, დედა კი უკვე ლამისაა, სასოწარკვეთას მიეცეს, რადგან მისი შვილების ნორმალურ განვითარებას დიდი საფრთხე ემუქრება.

“ჩერნოვეცკის” ფონდის წარმომადგენელი ესაუბრა თამთა ჩითინაშვილს და ვთხოვეთ, გაეზიარებინა თავისი ოჯახის პრობლემები:

-თამთა, რა წარმოადგენს სადღეისოდ თქვენი ოჯახის მთავარ პრობლემას?

თამთა: მეუღლემ ვერ იშოვა სამსახური. მზად არის, იმუშაოს მშენებლობაზე, ან ნებისმიერ სხვა ადგილას. სადაც იყო, ყველგან უარით გამოისტუმრეს. შესაბამისად, სოციალური შემწეობის გარდა, არ გვაქვს არანაირი შემოსავალი და გვიჭირს. ღარიბულად ვცხოვრობთ, არა გვაქვს ნორმალური საკვები, ტანსაცმელი, ვერ ვარემონტებთ სახლს…

-როგორია თქვენი შვილების ყოველდღიური კვების რაციონი?

თამთა: ლობიო, მწვანილი, პური, წყალწყალა სუპი… 2015 წელს მოგვიხსნეს სოციალური შემწეობა. მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ მოხდა დახმარების აღდგენა. ძალიან გაგვიჭირდა ეს 6 თვე. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით, ვუძლებთ, თუმცა რა იქნება ხვალ, არ ვიცი….

 -სახლი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, თქვენი საკუთრებაა?

თამთა: ეს ჩემი მეუღლის მშობლების სახლია. დანგრევამდეა უკვე მისული. ოთახები საკმაოდ დიდია, მაგრამ ზამთარში ვერ ვათბობთ და ზაფხულში კედლები ნესტით იფარება. ავეჯი ძალიან ძველია და პრაქტიკულად გამოუსადეგარი.

-ვინმეს მიმართეთ დახმარებისთვის?

თამთა: აბა ვის უნდა მივმართო? მთელ სოფელს უჭირს… დიდი მადლობა “ჩერნოვეცკის” ფონდს, რომ მოგვაქციეთ ყურადღება და დახმარებას დაგვპირდით.

-მორწმუნე ადამიანი ბრძანდებით?

თამთა: დიახ. ადგილობრივი ეკლესიის მრევლი ვარ და შვილებს ეკლესიურად ვზრდი. სახლში ხშირად ვლოცულობ, დაწოლის წინ კი უფალს ვევედრები, რომ მომცეს ძალა შვილების გამოსაკვებად.

-დღეს ზოგიერთები აკრიტიკებენ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ მოსაზრებას?

თამთა: არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და კრიტიკას არ ვღებულობ. ბაშვები – ეს არის სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა. როდესაც მეოთხე ბავშვზე ვიყავი ორსულად, მინდოდა „მოშორება“, მაგრამ მამაომ მითხრა – შეგიძლია, რომ მოკლა რომელიმე შენი შვილი? არა, არ შეგიძლია!  ამიტომ, რახან ხარ ორსულად, მეოთხე შვილიც უნდა გააჩინოო…

-რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

თამთა: შვილების ბედნიერება. მინდა, რომ გადავლახოთ ეს მძიმე პერიოდი და ვევედრები უფალს, მოგვცეს ამის ძალა!

-ახლა ბავშვებს გავესაუბრები. ბავშვებო, თქვენი ოცნებების შესახებ მიამბეთ

ნიკა (13 წლის): – მე ვოცნებობ ველოსიპედსა და წიგნებზე, ძალიან მიყვარს გეოგრაფიის საგანი, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია, ვინ უნდა გამოვიდე…

დიმიტრი (9 წლის): მე პიანინოზე ვოცნებობ…

მარიამი (6 წლის): მე ვოცნებობ ლამაზ კაბასა და სათამაშოებზე…

“მეგობრებო, ჩითინაშვილების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! მისამართი: სიღნაღის რაიონი, სოფელი საქობო, ტელ.: 571047030. ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჩითინაშვილების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც “, – აცხადებენ ფონდში.

 

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები