ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოებს მთავრობის წევრები გაეცნენ

სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლისა და სოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი – გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნენ.

ძველ ხიბულაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფონდ ,,ქართუს” დაფინანსებითა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ხორციელდება. პროექტების შესახებ სტუმრებს ინფორმაცია ფონდ ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა და არქიტექტორმა, დავით სვანიძემ გააცნეს.
ფონდ “ქართუს” დაფინანსებით, რესტავრირდება სახლი, სადაც გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, აიგება ტაძარი და ფონდი ,,ქართუ” ამ სოფელში ააშრნებს საბავშვო ბაღს, რომელიც გათვლილი იქნება 60 ბავშვზე. მხოლოდ ამ წელს, რამდენიმე მილიონი ლარის სამუშაოები ჩატარდება. ხარჯთაღრიცხვები, ჯერჯერობით, გაწერისა და დამუშავების პროცესშია”,- განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ხიბულაში მიმდინარე პროექტები არის იმის მაგალითი, თუ როგორ თანამშრომლობს ფონდი “ქართუ” და სახელმწიფო.
“ძველ ხიბულაში მიმდინარე პროექტები არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს ფონდი “ქართუ” და სახელმწიფო. ამ ეტაპზე, “ქართუს” მიერ იმ სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და მოწყობა მიმდინარეობს, სადაც გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი. გარდა ამისა, აქვე დაგეგმილია “ქართუს” მიერ ეკლესიის მშენებლობა, რომელიც იქნება ერთიანი კომპლექსი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, პირველ ყოვლისა, ექნება საშუალება, პატივი მიაგოს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. დარწმუნებული ვარ, ეს ობიექტი ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო გახდება. მათ უნდა იცოდნენ ჩვენი ისტორია და გაიზიარონ ის ემოციები, მოგონებები, რომლებიც უნდა გვახსოვდეს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მიმდინარე პროექტების მნიშვენელობის შესახებ ჟურნალისტებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამაც ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვაზე – უკავშირდება თუ არა პროექტი შუალედურ არჩევნებს, მოწერელიამ განაცხადა, რომ პროექტი ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიგეგმა და აღნიშნულს არჩევნებთან კავშირი არ აქვს.
“ამ სახლში დაიბადა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, რომ აქ მოეწყოს მემორიალური მუზეუმი. ამ სახლის რეკონსტრუქციის შესახებ, ჯერ კიდევ, ოქტომბრის თვეში გავაჟღერეთ. მაშინ შევხვდით სახლის რამდენიმე მფლობელს და გვქონდა დიალოგი, ეს სახლი გადმოცემოდა სახელმწიფოს და გახსნილიყო მემორიალური მუზეუმი. დღეს ეს ფონდ “ქართუს” საშუალებით ხორციელდება. როგორც მოგახსენეთ, ოქტომბრის თვეში იყო იდეა გაჟღერებული, ამიტომ, არჩევნები არაფერ შუაშია”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ძველ ხიბულაში ადგილობრივებს ზვიად გამსახურდიას მუზეუმის გახსნას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა 29 მარტს ძველ ხიბულაში ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. მაშინ გადაწყდა, რომ მოწესრიგდებოდა სოფლის ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა მთავარ და შიდა გზებს, მოხდებოდა გაზიფიცირება, აშენდებოდა ახალი საბავშვო ბაღი. შესაბამისი დავალებები მან ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარეს, ნიკო ჩხეტიანს მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები