დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გამოკითხვა დასრულდა
დავით ბაგრატიონ -მუხრანელმა, ადვოკატთან ერთად, თბილისის შს მთავარი სამმართველო დატოვა.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი დღეს გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.
გამოძიებას “სამეფო ოჯახის” წარმომადგენელთან კითხვები ყოფილ მეუღლეზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ჰქონდა.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ყოფილი მეუღლე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ძალადობაში ადანაშაულებს.
გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან მხოლოდ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ისაუბრა.
„ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაცია. უახლოეს თვეებში მოლოდინი გვაქვს, რომ დასრულდება და გამოძიება დაადასტურებს, ექსპერტიზის დასკვნის გაანალიზებით, რომ ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე. გაურკვეველია, ექსპერტიზას რატომ მიმართა 5 დღის შემდეგ; გაურკვეველია, ექსპერტიზის დასკვნა რატომ გახდა საჯარო 5 წლის შემდეგ, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში საუბარი არ გახლავთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებზე, შესაბამისად, წარმოიდგინეთ, ნებისმიერ პირს შეუძლია, მიმართოს ნებისმიერ დროს ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებას და განაცხადოს, რომ ოდესღაც ის ვიღაცამ დააზიანა“, – აცხადებს ლევან მახარაშვილი.