გურჯაანის #4 საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, ოთარ ჭილაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს (ფოტოკოლაჟი)

ქალაქ გურჯაანის გურამ ჭილაშვილის საავტორო #4 საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, ოთარ ჭილაშვილს სკოლის კურსდამთავრებულებმა ვარსკვლავი გაუხსნეს.
ოთარ ჭილაშვილის სახელობის ვარსკვლავი სკოლის შენობის ტერიტორიაზე გაიხსნა, გაიმართა ოთარ ჭილაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც, რომელსაც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი – დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მერი – არჩილ ხანდამაშვილი, სკოლის ამჟამინდელი დირექტორი – ნინო ნონეშვილი, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი – დალი მინდიაშვილი, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ოთარ ჭილაშვილი სკოლას 1991-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ხატია ზაკალაშვილის თქმით, სწორედ ოთარ ჭილაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწია სკოლამ არაერთ დიდ წარმატებას.
“ოთარ ჭილაშვილი მართლაც გამორჩეული ადამიანია არა მარტო ჩვენი რეგიონის, არამედ – მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. მისი ხელმძღვანელობის დროს, გიმნაზიამ (ამჟამინდელმა #4 საჯარო სკოლამ) არაერთ წარმატებას მიაღწია. ქვეყნისთვის ურთულეს დროს ჩვენ – მოსწავლეებს გვქონდა შესაძლებლობა, დავუფლებოდით ოთხ უცხო ენას, გვქონოდა კომპიუტერებით აღჭურვილი კაბინეტი, რომელიც, იმ დროისთვის, ფაქტობრივად, დიდი ფუფუნება იყო. ასევე, გვქონდა გამორჩეული სწავლების სისტემა, ზაფხულის სკოლები, სემესტრული გამოცდები და ა. შ. რთულია ყველაფრის ჩამოთვლა. ეს პირობები კი ოთარ ჭილაშვილმა შეგვიქმნა. ბატონი ოთარი არის ადამიანი, რომელმაც მოგვცა უმნიშვნელოვანესი რამ = თავისუფალი აზროვნების შესაძლებლობა”, – აღნიშნა ხატია ზაკალაშვილმა.
აღსანიშნია, რომ თავად ოთარ ჭილაშვილმა ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლო, თუმცა ის თავის ყოფილ კოლეგებსა და მოსწავლეებს ვიდეოზარის საშუალებით გაესაუბრა.
ოთარ ჭილაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებსა და დამსწრეებს მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გურჯაანის გიმნაზია (ამჟამინდელი #4-ე საჯარო სკოლა ) 1990 წელს დაარსდა. გიმნაზიას 1998 წელს, გურჯაანის გამგეობის გადაწყვეტილებით, ოთარ ჭილაშვილის ძმის – წარმატებული ფიზიკოსისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის (1969 წლიდან 1978 წლამდე), გურამ ჭილაშვილის სახელი მიენიჭა. ფიზიკოსია თავად ოთარ ჭილაშვილიც, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის კურსის ლექციების კითხულობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები