“წმინდა გიორგის ცხოვრება ერთგვარი მოწოდებაა, რომ ბოროტების წინააღმდეგ ჩვენც გამოვიდეთ საბრძოლველად”
“წმინდა გიორგის პიროვნება, მისი ცხოვრება, არის ერთგვარი მოწოდება ჩვენთვის, რომ გამოვიდეთ ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩვენს სულებში და შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით აღვლენილი წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მეუფე შიომ მართლმადიდებელ მრევლს წმინდა გიორგის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა.
„გილოცავთ გიორგობას. გადმოგცემთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, დალოცვას. შეგვეწიოს მისი მადლი, ლოცვა და ჩვენც მივულოცოთ მას ეს შესანიშნავი დღე და ვუსურვოთ მას და, მისი ლოცვა-კურთხევითა და წინამძღოლობით, სრულიად საქართველოს გადარჩენა, შეწევნა და აღორძინება”, – ბრძანა მეუფემ.
როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, წმინდა გიორგის ცხოვრება ერთგვარი მოწოდებაა, რომ ბოროტების წინააღმდეგ ჩვენც გამოვიდეთ საბრძოლველად.
„ასევე, ჩვენში არის ის რაინდული სულიც, რომელიც მზად არის, რომ ამხედრდეს და საბრძოლველად გამოვიდეს, რათა დაიცვას ეს სიწმინდე და შეებრძოლოს ბოროტებას, ჩვენს გულშიც და გარეთ ცხოვრებაშიც. ამ ყველაფერზე ვფიქრობთ დღეს ჩვენ და ეს წმინდა გიორგის პიროვნება, მისი ცხოვრება, არის ერთგვარი მოწოდება ჩვენთვის, რომ ჩვენც გამოვიდეთ საბრძოლველად ბოროტების წინააღმდეგ ჩვენს სულებში და შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში. ვევედროთ წმინდა გიორგის, შეგვეწიოს, რომ ამ ბრძოლაში, როგორც მან გაიმარჯვა და განგმირა გველეშაპი, ჩვენს ცხოვრებაშიც გაიმარჯვოს იმ წმინდა და კეთილმა ნაწილმა, რომელიც არის ღმერთის მიერ შექმნილი ღვთის ხატად და მსგავსად. სულიწმინდის მადლის გარეშე შეუძლებელია ამ ბრძოლის წარმართვაც და ამ ბრძოლაში გამარჯვებაც”, – ბრძანა მეუფემ.