ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების გაზრდა იგეგმება
„წლის ბოლომდე ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა დანიშნულების 5 000-მდე კამერა ამოქმედდება“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა იგეგმება როგორც დედაქალაქში, ისე – რეგიონებში.
„ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. ამისთვის ვამატებთ კამერებს. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 5 000-მდე სხვადასხვა ტიპის კამერა იქნება – ნომრისა და სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვისა და ასე შემდეგ. ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას როგორც თბილისში, ასევე – რეგიონებში. ასევე, ვგეგმავთ საკანონდებლო ცვლილებებს. ცვლილებები უკვე მომზადებულია და დავიწყებთ განხილვას მთავრობასთან და შემდეგ პარლამენტში წარვადგენთ საგაზაფხულო სესიაზე, რაც, მაგალითად, უკავშირდება ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვას, დგომა-გაჩერების წესების დარღვევას, სიჩქარის გადაჭარბების სანქციების გაზრდასა და გამკაცრებას. ასევე, ვგეგმავთ, სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის ჩამოკლება ვიდეოკამერებს მივაბათ“, – აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.