მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანისთვის 35 ერთეულ სპეციალურ ტექნიკას შეიძენს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ბაკურიანისთვის 35 ერთეული ტექნიკის შეძენას გეგმავს.
„დაგეგმილია თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის, საცობების პრევენცია/განეიტრალებისა და ვიზიტორების ტრანსპორტირებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა. პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარია. გარდა ტრასპორტის შეძენისა, ბაკურიანში ფონდი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება, ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას. ფონდს ბაკურიანში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი, როგორიცაა ბაკურიანის ურბანული განახლება, სატრანსპორტო გეგმის შემუშავება, ავტოსადგომის, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობა, ასევე, ბაკურიანის რეკრეაციული პარკის რეაბილიტაცია“, – აცხადებენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
მათივე ცნობით, ფონდმა ბაკურიანში 2018 წლის დეკემბერში ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი დაახლოებით 7.5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
„წლების განმავლობაში, ბაკურიანისა და გუდაურის კურორტების ქაოტური განაშენიანების შედეგად, არსებული ინფრასტრუქტურა ვერ ემსახურება დამსვენებელთა გაზრდილ რაოდენობას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კურორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროექტები სწორედ არსებული პრობლემების მოწესრიგებას ემსახურება“, – აცხადებენ ფონდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები