საერთაშორისო ლოჯისტიკურ სწავლებას „LOGDEV 2019“ საქართველო პირველად მასპინძლობს (ფოტოკოლაჟი)

სამეთაურო-საშტაბო მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება „LOGDEV 2019“ ოფიციალურად დაიწყო. გახსნის ცერემონიალზე „არმიჰოლში“ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა – ლევან იზორიამ, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა – ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 წარმომადგენელმა, ლოჯისტიკური განვითარების პროგრამის დირექტორმა – სტივენ მეტსონმა მიმართეს.
სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სწავლების მნიშვნელობასა და მის მიზანზე გაამახვილა.
„საქართველო პირველად მასპინძლობს საერთაშორისო ლოჯისტიკურ სწავლებას, რომელშიც ნატო-ს წევრი 12 ქვეყანა მონაწილეობს. სწავლების მიზანია, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ნატო-ს სტანდარტებს დაუახლოვდეს და ჩვენ შევძლოთ მრავალეროვნულ გარემოში ოპერირება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე ჩატარდება. „LOGDEV 2019“-ში მონაწილეობას 12 ქვეყნის 130 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, მათ შორის – აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია.
„სწავლების მიზანი ნატო-ს ლოჯისტიკის დოქტრინების დახვეწა და ნატო-ს ინფორმაციული სისტემების გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე, ქვედანაყოფების ფორმირების, გადასროლის, ოპერაციის რაიონში ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და უკუგადასროლის საკითხებში მონაწილეთა შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევაა“, – აცხადებენ ტავდაცვის სამინისტროში.
სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები და სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობა დაესწრო.
ცნობისთვის, მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 ხელმძღვანელობით, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო ლოჯისტიკური სწავლება 17 მაისს, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები