იანვარ-აპრილში საქართველოდან 26 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 26 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება.
ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია ამერიკის, აზიისა და ევროპის მიმართულებით. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 108% (219713 ბოთლი), ჩინეთი – 22% (2192025) და პოლონეთი – 16% (1173850). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ისრაელი – 102% (106572), ბელარუსი – 88% (604076), საფრანგეთი – 81% (43938), მონღოლეთი – 72% (106452), კანადა – 70% (66960), ჰოლანდია – 37% (40930), ესტონეთი – 15% (214502), ლიეტუვა – 4% (179370), რუსეთი- 4% (16850331) და სხვა. წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 179-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 67%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 18 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 74%). მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 140 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 68% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 382 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 31%)“, – აცხადებენ სააგენტოში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა ყურაღებას ამახვილებს ექსპორტის ზრდაზე სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებზე, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში გადმოინაცვლა.
„მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. აღსანიშნია, რომ თანხაში გამოსახული ზრდა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე – რაოდენობაში. ქართული ღვინის ექსპორტი იმ ნიშნულს აღწევს, რომ, რაოდენობაზე მეტად, აქცენტი ხარისხზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ, კერძო სექტორთან ერთად, მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი”, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები