ხმაური იყო დაკავებული იგინებოდა და აგრესიით გამოირჩეოდა – რა მოხდა რეალურად 23 აპრილს ზუგდიდში

23 აპრილს დაკავებული გ.ფ, რომელიც სამართლადამცველებს ცემაში ადანაშაულებს, დღეს „კვირის“ კამერას დაემალა. მისგან განსხვავებით დაკავებულის დედამ „კვირას“ გადამღებ ჯგუფს მოკლე ინტერვიუ მეგრულ ენაზე მისცა და განაცხა, რომ მისი შვილი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
როგორც „კვირას“ თვითმხილველები უყვებიან, ზუგდიდში, ხორავას ქუჩაზე გ.ფ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და აგრესიით გამოირჩეოდა, იგინებოდა და მის დაწყნარებას რამდენიმე პირი უშედეგოდ ცდილობდა. სწორედ ამ დროს შემოვლაზე მყოფმა პოლიციელებმა იგი დააკავეს. რაც შეეხება მის ცემას სამართალდამცველების მხრიდან, ისინი კატეგორიულად უარყოფენ.
მათივე ინფორმაციით, გ.ფ. სხვადასხვა დანაშაულისთვის არაერთხელ იყო წარსულში ნასამართლევი.
ცემის ფაქტს ასევე, არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 2019 წლის 23 აპრილს აწარმოებდნენ სამსახურებრივ შემოვლას, რა დროსაც ზუგდიდში, ხორავას ქუჩიდან შემოესმათ გინების და ხმამაღალი საუბრის ხმა. ადგილზე მისულ პოლიციელებს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ფ. დახვდათ, რომელიც იქცეოდა აგრესიულად, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მის დამშვიდებას რამდენიმე პირი ცდილობდა. სამართალდამცველებმა გ.ფ. არაერთხელ მოუწოდეს დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, თუმცა ის არ დაემორჩილა, აგრესია პოლიციელებზე გადაიტანა და აგრძელებდა ყვირილს და შეურაცხყოფას. ვინაიდან გ.ფ.-ს ქმედება აშკარად შეიცავდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნებს, სამართალდამცველებმა იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. ასევე აღსანიშნავია , რომ გ.ფ.-ს დაკავების დროს შუბლის არეში მცირე ზომის დაზიანება აღენიშნებოდა რაც ასახულია დაკავების ოქმშიც. მისი განმარტებით აღნიშნული დაზიანება მიღებული იყო დაკავებამდე სამი დღით ადრე. დაკავებული იმავე ღამეს გადაყვანილ იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც შემოწმდა და დათვალიერდა ექიმის მიერ და მას სხეულზე გარდა აღნიშნულისა არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და იზოლატორში არანაირი სახის პრეტენზია არ განუცხადებია. პოლიციას გააჩნია როგორც გ.ფ.-ს მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში შესვლის და გამოსვლის კადრები. 24 აპრილს დაკავებულს არც სასამართლო პროცესზე გამოუხატავს პრეტენზია პოლიციის მიმართ. სასამართლომ გ.ფ. სამართალდამრღვევად სცნო და მას 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები