ინფორმაცია, რომ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს “ქართული ოცნება” შტაბად იყენებს, სიცრუეა – რას აცხადებს სასახლის დირექტორი

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზუგდიდში “ქართული ოცნება” მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს გეგა შენგელიას შტაბად იყენებს, სიცრუე აღმოჩნდა. დილით გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, “კვირა” აღნიშნული სასახლის დირექტორსა და ორგანიზაციის იურისტს დაუკავშირდა. “კვირამ” ის დოკუმენტაციაც მოიპოვა, რომელიც ორგანიზაციას დარბაზის დაქირავების მიზნით გაეგზავნა.

​მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის განცხადებით, ხელშეკრულება სასახლის ადმინისტრაციასა და “ქართულ ოცნებას” შორის გუშინ გაფორმდა. მისივე თქმით, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, დარბაზის დაქირავების.

“მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ნაქირავები აქვს “ქართულ ოცნებას”. ყველას აქვს უფლება, დაიქირაოს დარბაზი. გუშინ ოფიციალურად დაიდო ხელშეკრულება და ამაში არაფერი პრობლემა არ არის. არცერთ სხვა პარტიას არ მოუმართავს, ასე რომ, ვინც მოგვმართა, მივაქირავეთ”, – განაცხადა სასახლის დირექტორმა, ნინელი ჭითანავამ.

ორგანიზაცია “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის” იურისტის, თამარ რევიას თქმით, მათ კანონით აქვთ განსაზღვრული ტარიფიკაციის სისტემით ორგანიზაციის კუთვნილებაში არსებული დარბაზების გაქირავების უფლება, შესაბამისად, მისივე თქმით, არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

“კანონით არ არის აკრძალული, არანაირად. ა.ა.ი.პ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეს კანონით აქვს ტარიფიკაციის სისტემა, შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, იქირაოს დარბაზი გარკვეული თანხის სანაცვლოდ. შემოვიდა თხოვნის წერილი, რომ კვირას 3 საათით ექირავებინათ დარბაზი, ღონისძიების ჩასატარებლად, ვინაიდან არანაირი ღონისძიება დაგეგმილი არ გვქონდა კვირას, გაეგზავნათ თანხმობის წერილი. შესაბამისად, ყველაფერი მოხდა კანონის ფარგლებში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კვირას რა ღონისძიებაც გაიმართება, მედიასაც მიეწოდება ამაზე ინფორმაცია. ჯერჯერობით, ზუსტად არ ვიცი, რა სახის ღონისძიების გამართვა იგეგმება”, – აღნიშნა ორგანიზაციის იურისტმა, თამარ რევიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები