მარტვილის მერი, სოცმომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამხარეო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ამბულატორიის ექიმებს შეხვდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამხარეო ცენტრის წარმომადგენლებთან, შალვა ქობალიასთან და გოდერძი თოდუასთან ერთად, ამბულატორიის ექიმებს შეხვდა.

როგორც “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამხარეო ცენტრის წარმომადგენლებმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში არსებულ სიახლეებზე ისაუბრეს.

“გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად შეუძლიათ. ასევე, ეტაპობრივად ფართოვდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ნუსხაც.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 2017 წელს ამოქმედდა და შემდეგ დაავადებებზე ვრცელდება: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; დიაბეტი (ტიპი II); ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; ეპილეფსია; პარკინსონის დაავადება. ​

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება; მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები); პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები; ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები”,- აღნიშნულია მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები