კახა კოჟორიძე: ნებაც კი არ დაუფიქსირებია პრეზიდენტს, რომ შეესწავლა საკითხი და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება

“სამწუხაროდ, ნებაც კი არ დაუფიქსირებია საქართველოს პრეზიდენტს, რომ შეესწავლა ეს საკითხი და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება”, – ასე აფასებს იურისტი კახა კოჟორიძე პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ხელის მოწერას.
როგორც კოჟორიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის მიერ ასეთი სასწრაფო გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იყო.
„საქართველოს პრეზიდენტს მოვუწოდეთ, რომ ვეტო დაედო აღნიშნულ კანონპროექტზე. იცით, რომ ვმუშაობდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე წლის განმავლობაში და მახსოვს, როგორც ვიქცეოდით, როცა საკითხი ეხებოდა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ პრობლემას. ჩვენ, რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა პრეზიდენტი, ვხვდებოდით საზოგადოების დაინტერესებულ ჯგუფებს, ყველას, ვინც პროცესთან დაკავშირებით პოზიციას გამოთქვამდა აქტიურად და მას შემდე,გ რაც საკითხს სათანადოდ შევისწავლიდით, ავწონიდით და დავწონიდით ყველა იმ არგუმენტსა და კონტრარგუმენტს, რაც კანონპროექტს ახლდა ხოლმე, ყოველთვის ამის შემდეგ იღებდა პრეზიდენტი გადაწყვეტილებას. ჩვენ კი დღეს დავინახეთ, რომ, როგორც კი იქნა კანონპროექტი მიღებული და მისული ელექტრონულ ფოსტაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მაშინვე იქნა ხელმოწერა განხროციელებული. ანუ, სამწუხაროდ, ნებაც კი არ დაუფიქსირებია საქართველოს პრეზიდენტს, რომ შეესწავლა ეს საკითხი და ამ შესწავლის შედეგად მიეღო გადაწყვეტილება, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც თავად აკეთებდა განცხადებას ვენეციის კომისიის შენიშვნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით და ხედავდა, საქართველოში მთელი საზოგადოება იყო გაერთიანებული ამ კანონპროექტის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს ამ ქვეყანაში არ არსებობს არცერთი პროფესიული ორგანიზაცია, არცერთი კონკრეტული ობიექტურად მოაზროვნე იურისტი, არცერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც იტყვის, რომ ეს არის კარგი პროექტი. ამ ვითარებაში პრეზიდენტის მიერ ასეთი სასწრაფო გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ იყო სწორი. ეს სისწრაფე არის ძალიან არასწორი იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო პრობლემაზე. ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ პრეზიდენტს სთხოვეს, ეს საკითხი არ შეეყოვნებინა. ჩვენ როგორც მივმართეთ პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო, შეიძლება, სხვასაც მიემართა, ამაზე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პროტესტი, მოთხოვნა დაფიქისრებულიყო და სანამ ეს ტალღა გაიზრდებოდა, პრეზიდენტს ხელის სასწრაფოდ უნდა მოეწერა. ვფქირობ, ეს პრეზიდენტს პოზიტივში არ ჩაეწერება“, – განაცხადა კოჟორიძემ.

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტს „სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე” რეზოლუციის პროექტს წარუდგენს.
„2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა და მოვიდა ახალი ხელისუფლება. ცვლილების პროცესში მთავარი მესიჯი, ლოზუნგი, იდეა, რის გამოც ხელისუფლება იცვლებოდა, იყო უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა. უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად მაშინ გაერთიანებული იყო საზოგადოების უდიდესი ნაწილი. უსამართლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა იმ კლანს, რომელიც დღესაც ამ სისტემაშია. უკვე მეშვიდე წელი მიდის და არ შეფასებულა მაშინ არსებული პრობლემები და დღეს არსებული რეალობა. როცა გეგმავ მომავალს და გსურს, მომავალში ის შეცდომები აღარ მოხდეს, რასაც ადგილი ჰქონდა წარსულში, უნდა გაიზარო, პირველ ყოვლისა, წარსულის შეცდომები, შეაფასო აწმყო და ამის შემდეგ დაგეგმო მომავალი. ამ ლოგიკაზეა აგებული იმ რეზოლუციის პროექტი, რასაც პარლამენტს შევთავაზებთ. ეს არის, ერთი მხრივ, შეფასება იმ სისტემური პრობლემის, რასაც კლანი და ამ კლანის პოლიტკური მხარდაჭერა უქმნიდა მართლსაჯულების სისტემას, ზოგადად, სახელმწიფოს და რასაც უქმნის დღესაც. ამის შეფასებაა რეზოლუციაში, ერთი მხრივ, წარსულის შეფასება, მეორეა აწმყოს ანალიზია, შემდეგ არის მომავლის ხედვა, შეთავაზება – მომავალში როგორ უნდა გამოსწორდეს არსებული რეალობა. იმედი მაქვს, პარლამენტში იქნებიან ადამიანები, მათ შორის – უმრავლესობიდან, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ რეზოლუციას“, – განაცხადა კოჟორიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები