„სისტემაში მივიღებთ მინიმუმ 15 და მაქსიმუმ 18 მურუსიძეს“ – იურისტები პარლამენტს სასამართლოსთან დაკავშირებით რეზოლუციას წარუდგენენ

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტს „სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე” რეზოლუციის პროექტს წარუდგენს.
ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იურისტებმა – კახა წიქარიშვილმა და კახა კოჟორიძემ განაცხადეს.
კახა წიქარიშვილის თქმით, აუცილებელია, საკნონმდებლო ცვლილებებზე დაიწყოს მუშაობა.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე „საერთო სასამართლოების კანონის” მიღების პროცესში მივმართეთ როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე – ვენეციის კომისიას დასაქართველოს პრეზიდენტს. ყველგან გვქონდა ერთი და იგივე მოთხოვნა. ჩვენი მოთხოვნა იყო ის, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო საქართველოში არსებული რეალობა – ის კონტექსტი, ის მოცემულობა, რაც ჩვენ გვაქვს. ეს მოცემულობა არის ძალიან მწვავე. ამის შესახებ აღნიშნა როგორც სახალხო დამცველმა, ასევე – ვენეციის კომისიამ. ეს მოცემულობა არის ის, რომ სასამართლო სისტემაში ჩვენ გვაქვს, ფაქტობრივად, კლანური მმართველობა. არის პირთა ჯგუფი, კლანი, რომლის ხელშიც არის იუსტიის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას არა მართლმსაჯულების ინტერესისთვის, არამედ – საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის. ამ მოცემულობას თუ ავიღებთ, ვერცერთი კანონპროექტი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ უზენაეს სასამრთლოში მივიღოთ კვალიფიციური, პრინციპული და კომპეტენტური მოსამართლეების შემადგენლობა. მაგრამ ის კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობამ დღეს დაამტკიცა და რომელზეც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, უადვილებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავის მიზნები შეასრულოს. როგორ უადვილებს: ვენეციის კომისიის, სახალხო დამცველის, არასამთავრობოების მოწოდება იყო ის, რომ მოხდარიყო გადაწყვეტილების მიღება ღია კენჭისყრით და გადაწყვეტილების დასაბუთება. ამას ის მნიშვნელობა აქვს, რომ ამით შესაძლოა, მომხდარიყო მეტი საზოგადოებრივი კონტროლი საბჭოში მიმდინარე პროცედურებზე, მომხდარიყო გარკვეული შეზღუდვა ამ კლანისა, მაგრამ ესეც კი არ დათმო მმართველმა გუნდმა და კლანს მისცა თავისუფლება, რომ კულისებს მიღმა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეარჩიოს თავისთვის სასურველი კანდიდატი. ჩვენი ვარაუდით, ამ პროცედურის შედეგად ჩვენ მივიღებთ მინიმუმ 15 და მაქსიმუმ 18 მურუსიძეს. შეიძლება, 2-3 კანდიდატი დათმონ საზოგადოებრივი ინტერესის სასარგებლოდ, თქვან. რომ კლანი არ ვართ, ხომ ხედავთ, ის კანდიდატებიც ავირჩიეთ, რომლებზეც არსებობს სრული კონსენსუსი იურიდიულ წრეებშიო. მაგრამ უმრავლესობა, 15 კაცი მაინც, იქნება მურუსიძისა და ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი, ან – მათი დავალების შემსრულებელი.

ამ ვითარებაში გამოსავლად მიგვაჩნია ის, რომ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც შეაფასებს კლანის მმართველობას სასამრთლოში და შემდგომ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომ ეს კლანური მმართველობა დასრულდეს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძლებეთ იმ გზას, რა გზითაც მივდიოდით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში – ანუ კლანური მმართველობის გაძლიერებისა და სამუდამო შენარჩუნების გზას“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით 1-ელ მაისს დაამტკიცა.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 87 ხმით მიიღეს. პროექტის წინააღმდეგ 33-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები