„აზერბაიჯანს არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რომ ეს ტერიტორია მოითხოვოს“ – გიორგი ოთხმეზური დავით გარეჯის შესახებ

„აზერბაიჯანს არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რომ მოითხოვოს ეს ტერიტორია”, – ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა დავით-გარეჯში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გიორგი ოთხმეზური განმარტავს, ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ დავით-გარეჯი საქართველოსია. მისი თქმით, ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, რომ ეს ქართული მიწაა, ქართული კულტურული მემკვიდრეობაა.
„საკითხის განხილვისას და გადაწყვეტისას 4 ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული: რელიგიური, ისტორიული, სამართლებრივი და პოლიტიკური. რელიგიური და ისტორიული თვალსაზრისით, ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, რომ ეს არის ქართული ტერიტორია და ქართული კულტურული მემკვიდრეობა.
დავით-გარეჯის დაარსება დაკავშირებულია დავით გარეჯელის სახელთან. ის იყო ერთ-ერთი იმ 13 ასურელ მამათაგანი, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში. გარდა იმისა, რომ ისინი ქრისტიანობის გავრცელებისათვის იღვწოდნენ, ძალიან ფართო სამონასტრო ცხოვრება გაშალეს აქ.
შემდეგ აქ მოღვაწეობდა ილარიონ ქართველი, მეცხრე საუკუნის გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, სულხან-საბა ორბელიანი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები – ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ანტონ კათალიკოსი. გარდა იმისა, რომ ძალიან მძლავრი სამონასტრო კერა იყო, დავით-გარეჯში სამგზის აღვლენილი ლოცვა მიიჩნეოდა იერუსალიმის ერთი ლოცვის ტოლფასად. არა მარტო საქართველოში, საერთოდ, ქრისტიანულ სამყაროში, ახლო აღმოსავლეთში ძალიან დიდი პატივისცემა იყო დავით-გარეჯისადმი. ამას ის წარწერებიც მიუთითებს, რომლებიც მეცხრე საუკუნიდან გვაქვს უდაბნოს გამოქვაბულებში, რომელსაც გვედავებიან. წარწერები პილიგრიმების მიერაა დატოვებული. ქართულის გარდა, არის სპარსული, სომხური, სირიული, მე-19 საუკუნიდან რუსული წარწერებიც შემოდის. მაჰმადიანთა სტუმრობის ფაქტებიც არის ამ წარწერებში დადასტურებული. ჩვენი ხელისუფალნი ყოველთვის ზრუნავდნენ დავით-გარეჯზე და ძალიან დიდი მოწიწება იყო ქვეყანაში დავით-გარეჯის მიმართ. დავით აღმაშენებელმა სამეფო მონასტერი გახადა დავით- გარეჯი. ასე იყო ალექსანდრე დიდის დრომდე. დავით-გარეჯის წინამძღვარი სამეფო დარბაზის სხდომაში მონაწილეობდა“, – განაცხადა ოთხმეზურმა.
ისტორიკოსმა საბჭოთა დროინდელი ადმინისტრაციული საზღვრის აღმწერელი რუკების შესახებაც ისაუბრა.
„საბჭოთა კავშირის დროს იქ იყო სამხედრო პოლიგონი ამიერკავკასიის მასშტაბით – ანუ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილები იკრიბებოდნენ და სწავლებები ტარდებოდა. რომ წარმოიდგინოთ, იყო ნამდვილი ომი – ბომბებით, ქვემეხებით, ჯავშანტრანსპორტიორებით, ტანკებით. ჩვენი რესტავრატორები ჩაატარებდნენ რესტავრაციას ყოველწლიურად და ამ გრუხუნის შედეგად იმავე ადგილას იგივე ბზარები ჩნდებოდა, უარესად ინგრეოდა. გარდა ამისა, გადმოდიოდნენ ჯარისკაცები სულ, ბერთუბნის მონასტრის სატრაპეზოში, სადაც 13-14 საუკუნეების ფრესკული მხატვრობაა, ყველა ფრესკას ხანჯლით თვალები ჰქონდა დათხრილი. ასევე ცეცხლს ანთებდნენ იქ. ასეთ სავალალო დღეში იყო იქაურობა. როცა ასეთი ვანდალიზმის ფაქტები დასტურდებოდა დავით-გარეჯის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელებს საერთოდ ყური არ შეუბერტყავთ, არავითარი დაინტერესება არ გამოუხატავთ ამ მხრივ.
1921 წელს, როცა ჩვენი გასაბჭოება მოხდა, დადგა საზღვრების საკითხიც. საბჭოთა კავშირის დროს შიდა საზღვარს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმიტომ, რომ თავისუფალი იყო მიმოსვლა. როცა შიდა საზღვარი დგებოდა რესპუბლიკებს შორის, სიმარტივისთვის ან მთის ძირს, ან მთის თხემს აიღებდნენ, ან მდინარის გაყოლებაზე ავლებდნენ საზღვარს. არის საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკები შემორჩენილი და, ძირითადად, საზღვარი გადის მთის თხემზე, ანუ ლავრა ჩვენს მხარესაა და უდაბნო, სადაც უძველესი წარწერები და ფრესკები გვაქვს, აზერბაიჯანის მხარესაა მოქცეული. ამავე დროს, 2 თუ 3 ისეთი რუკაა, სადაც ეს საზღვარი მთის თხემზე კი არ გადის, მთის ძირას გადის – ანუ უდაბნო საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული. სამწუხაროდ, ბერთუბანი, სადაც თამარისა და ლაშას ფრესკებია, 4 კილომეტრით შიგნითაა შეწეული.
აზერბაიჯანს არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რომ მოითხოვოს ეს ტერიტორია.
რაც ვისაუბრე, ისტორიული და რელიგიური საკითხია, რომ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს – ეს ქართული მიწაა, ქართული კულტურული მემკვიდრეობაა.
2000 წლისთვის აზერბაიჯანელებმა დაიწყეს ალბანიზაციის თეორიის გატარება. ეს გულისხმობს რას – ის ალბანელები, რომლებიც ქრისტიანები იყვნენ, იყვნენ აზერბაიჯანელების წინაპრები და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული ძეგლები არის ალბანური კულტურის ძეგლები და მათი წინაპრების კულტურა. ჯერ ერთი, ალბანელების შთამომავლები არ არიან აზერბაიჯანელები. რომც იყვნენ, ეს ქართული კულტურაა მაინც. ალბანელებმა გააკეთს ქართული წარწერები? თუ ქართველი მეფეების პორტრეტები გამოსახეს?”, – აცხადებს ოთხმეზური.
ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელშიც შევლენ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე – ისტორიკოსები, კარტოგრაფები.
„აუცილებლად უნდა შედგეს ეს კომისია და გაიმართოს მოლაპარაკება აზერბაიჯანთან. პირველ ყოვლისა, უნდა იყოს წამოწეული რელიგიური და ისტორიული ფაქტები. პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა იყოს ეს გადაწყვეტილი.
ცნობილი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რა ხდება და როგორ მიდის ეს მოლაპარაკება, ყველა გზა უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საშინელი ისტორიული უსამართლობა არ მოხდეს.
დღეს რომ უკიჟინებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ მან გაამწვავა ეს საკითხი, რას ჰქვია, გაამწვავა? ეს საკითხი დიდი ხნის წინ უნდა დამდგარიყო და გადაწყვეტილიყო.
სულ გვესმის, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი მოკავშირე, მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი. კი, ბატონო, მაგრამ ეს მეგობრობა ცალმხრივი ხომ არ შეიძლება იყოს?” – განაცხადა ოთხმეზურმა.
შეგახსენებთ, დავით-გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა, რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ, მხოლოდ დროებით გაიხსნა. აზერბაიჯანული მხარე არ გამორიცხავს, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტოს.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი საჭიროდ მიიჩნევს აზარბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულებას.
„ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას მითითება, რათა განაახლოს მუშაობა, ეს პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე და, საბოლოოდ, დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები