თამარ ჩუგოშვილი: ვცადე წარმომედგინა, პარლამენტი როგორ იბარებს ვანო მერაბიშვილს სხდომათა დარბაზში და როგორ პასუხობს ის კრიტიკულ კითხვებს

„ძალიან კარგი პრაქტიკაა, როდესაც შს მინისტრი პარლამენტში მოდის. მეც ვცადე წარმომედგინა, მეშვიდე მოწვევის პარლამენტი როგორ იბარებს ვანო მერაბიშვილს სხდომათა დარბაზში და ისიც როგორ აბარებს პარლამენტარებს, მოსახლეობას ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, როგორ პასუხობს კრიტიკულ კითხვებს და როგორ საუბრობს წარმატებული ადამიანის უფლებების დაცვით საქმიანობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც შს მინსტრს უსმენენ.
ამასთან, თამარ ჩუგოშვილმა შს მინისტრს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის რისკების შესახებ კითხვით მიმართა: „შს მინისტრის პარლამენტის მოსვლა რადგან ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ის ძალიან დიდი კონტრასტი დავინახოთ – დავინახოთ, რამდენად შორს ვართ იქედან, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ვიყავით. ამიტომ ეს ძალიან მიხარია. რაც შეეხება კითხვებს – მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კითხვა დაისვა პანკისთან დაკავშირებით, მეც მინდა, კონკრეტულად გკითხოთ, ამ ოპერაციასთან დაკავშირებით სწორად იყო თუ არა შეფასებული რისკები. თუ იყო, დარწმუნებული ვარ, გვეტყვით მეტს, თუ არ იყო სწორად შეფასებული ეს რისკები, მაშინ ვისი პასუხისმგებლობაა და, შესაბამისად, აქ ვის უნდა დავუსვათ კითხვები. ჩვენ ხვალ უსაფრთხოების სამსახურის მოსმენაც გვაქვს და, შესაბამისად, ჩვენც რომ ვიცოდეთ, რაზე გავაკეთოთ აქცენტი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. დეპუტატმა გიორგი გახარიას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზეც ჰკითხა და აღნიშნა, რომ გაიზარდა არასრულწოვნების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების რიცხვი. „რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, არასრულწლოვნების ჩართულობა დანაშაულებრივ საქმიანობებში საკმაოდ მაღალია იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა არასრულწლოვნების მიმართ, მაგრამ მათი მხრიდან კრიმინალში მონაწილეობა იზრდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის გასაკეთებელი, რომ ეს პრობლემა არ გამწვავდეს?“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები