ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ნაშალი მასისგან დღის ბოლომდე გაიწმინდება
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე ჩამოსული დიდი ზომის ლოდების დაშლის სამუშაოები უკვე დასრულდა. ამ დროისთვის, გზა ნაშალი მასისგან იწმენდება და ეს პროცესი დღის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ „კვირას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
„ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები წელს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დროებით შეფერხდა და 15 აპრილს დაიწყო. ხელისშემშლელი გარემოებები იყო უხვი ნალექი და გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე დიდი ზომის ლოდების ჩამოცვენა, 56-ე კმ-ის ზემოთ კი ჯერ ისევ თოვლი დევს. მსგავსი სირთულეები წინა წლებში არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მონაკვეთზე და თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგება“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია არსებული ხელშეკრულების ფარგლებში აწარმოებს. ტენდერის შედეგად გამოვლენილ ახალ კონტრაქტორთან ხელშეკრულება 7 მაისს გაფორმდება და იგი გზის წმენდას უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს.
ცნობისთვის, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია. მისი გაწმენდა, კლიმატური და რელიეფური პირობების გამო, ზამთრის პერიოდში ვერ ხერხდება და, შესაბამისად, საავტომობილო მიმოსვლა ზამთრში აკრძალულია. წელიწადის სხვა დროს გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის.