ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებს ახალგაზრდული სივრცის შექმნის იდეა გააცნო
ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, გიორგი (გეგა) შენგელიამ ანაკლიაში ახალგაზრდებს მისი პროგრამიდან ახალგაზრდული პოლიტიკა წარუდგინა. მერობის კანდიდატმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც ახალგაზრდული მიმართულებით აპირებს.
ზუგდიდში აშენდება ახალგაზრდული სივრცე, სადაც ახალგაზრდებს იდეების გენერირებისა და ტექნოლოგიების, კულტურის, სპორტის მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. მერობის კანდიდატის განცხადებით, ახალგაზრდული სივრცე მათივე საკუთრება გახდება.
,,ეს უნდა გახდეს ადგილი, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი ინტელექტუალური, სახელოვნებო, სპორტული თუ სხვა მიმართულებით. ეს იქნება სივრცე, რომელიც იქნება თქვენი, ახალგაზრდების საკუთრება და იქ გენერირებული იდეები შეისხამს ხორცს. განსაკუთრებულობა ამ იდეის ალბათ არის ის, რომ ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია გააქტიურდნენ და ნახონ, რომ უსმენენ და მათ მოსაზრებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,” – განაცხადა მერობის კანდიდატმა.
გიორგი შენგელიას განმარტებით, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოიყოფა თანხა, რომელიც ახალგაზრდების იდეებისთვის იქნება განკუთვნილი და გამვლენილი საუკეთესო პროექტები დაფინანსდება.
ასევე, ნიჭიერი ახალგაზრდების დაფინანსება გაიზრდება. პროგრამა, როგორც წარჩინებული სტუდენტებისთვის მერის სტიპენდიის გაცემას, ასევე, მათი საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებასაც შეუწყობს ხელს.
,,ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ ზუგდიდიდან, ან საქართველოდან გასვლა მიზნის მისაღწევად. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ეს უზარმაზარი რესურსი დავუკარგოთ ჩვენს მომავალს. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საზღვარგარეთ წავიდნენ ან ტურისტად ან სასწავლებლად და იქ მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ ,” – აღნიშნა შეხვედრაზე შენგელიამ.
მერობის კანდიდატმა ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, რისი გარანტიაც სახელმწიფოა.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ტურიზმის განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ზუგდიდი არ იქნება ტურისტების გამტარი მუნიციპალიტეტი. არამედ აქ შეიქმნება ტურისტული ინფრასტრუქტურა და მარშრუტები, რაც ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს, მეტი დრო დაჰყონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიში გაგრძელდა, მათ შეკითხვები განათლების, სპორტისა და კულტურის საკითხებზე ჰქონდათ.